ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

741. კვლავ უბრძანა: “თუცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი, “თავმან ჩემმან თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი: “წა, უკუდეგ! აი შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი, “შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!

742. დადრკა, სკამი შემოსტყორცნა, ჰკრა კედელსა, შეალეწნა, დააცდუნა, მაგრამ მისთვის აალმასნა, არ აძეწნა: “ვით მიამბე წასვლა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!“ ვეზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.

743. ვეზირმან გლახ გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს, გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს, შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს, – მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს.

744. სთქვა: “ცოდვათა ჩემთა მზგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს? “რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს! “ვინცა სხვა რა კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს, “ჩემნი დღენი მასცა ადგან, რაძინ ვითა გაისვენოს!”

745. ვეზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა, ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა: “მადლი რა გკადრო, აწ თქვენგან გავხასდი მე მაშა ვითა; “ვაჲ, კარგი თავი უებრო დავკარგე, დავაშავითა!”

746. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა არ იწურვებს: – მიკვირს, რად სცალს საწყლიანოდ, რად არ გულსა შეიურვებს! “ვინ, არ მისცეს ქადებული ,მოურავსა მოიმდურვებს, – “თქმულა: “ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსაც დააურვებს .“

747. “ვით გამხადა, რა მიბრძანა, – არ ეგების ჩემგან თხრობა – “რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლუობა, რა შმაგობა! “მე თვით კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიძს თავსა ცნობა, “ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.

748. “მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ, ცდომით არ წამკიდებია; “ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია; “განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დაჰრიდებია,– “შენთვის სიკვდილი ლხინად მჩანს, ჭირნი არ გამცუდებია“

749. ყმამან უთხრა: “აღარ-წასვლა, არ ეგების ჩემგან აროს; “იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს, ჰხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგნით აროს, “ვერ უპოვოს, რა ჰქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!

750. “უმისოდ-მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა, “მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ მათთანა სრბოლასა; “ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა? – “სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

751. “მოვახსენებ ერთხელ კვლავცა, აწ რაზომცა მეფე სწყრების, “ნუთუ გაბრჭოს, – გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების; “არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდაწყდების; “მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების .“

752. მოიუბნეს, ვაზირმან ჰქმნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი. უმასპინძლა, ძღვენი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი; მისნი მყოლნი ავეავსნა მოყმენი, თუ უნდა ბერნი; გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.

753. შესთვალა თუ: “რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო, “ვალთა შენთა გარდასახდლი რა ნაცვალი მოვიგონო? “თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო; “სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო .“

754. მე ვითა ვთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი! კაცი იყო საქმისაცა შესაფერი, შესატყვისი; ასრე უნდა სამსახური, გავიდოდეს ვისცა ვისი, – ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა

755. შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი “ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი, “შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი;“ მქებრად ამბისა მათისა ჰხამს მკითხავი და მსმენელი.

756. იტყვის: “როსტენ არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა; “მან არ იცის, რა ვინა და სულ-დგმულია ვისგან ვინა; “უმისომცა ნუ ვცოცხალვარ, ნუცა გარე ნურცა შინა! – “რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!

757. “თუცა მისი არ გაწირვა ჩემგან მტკიცობს არ სათუობს, – “ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს “გული, მისი უნახავი, სტირს და სულ-ჰთქვამს, ვაებს, უობს, “ლხინსა არას არ იახლებს, ჰკრთების, კუშტობს, ვაშობს, უშობს.

758. “სამი არის მოყვრისგან მოყვრობისა გამოჩენა: “პირველ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა, “მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა, “გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.

759. “რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, ჟამია შემოკლებისა! “აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა; “რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა, “შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.