... (A-859), 1841 წ.

743. ესე აარაკი მართალი, ჩინს ქვასა ზედა სწერია. ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია. აწ ზაფრანია ვის წინა, ვერ ვარდი გვანდის ვერ ია. თუღა მონახავ მონახე, ქენ რაცა შენი ფერია:-

744. ყმამან უთხრა უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად. მაგრამ გაბჭევ რა მიქნია, სამსახური ტყვესა ტყვისად. გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად. მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად:-

745. ბროლ სადაფნი მარგალიტსა, ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ. მას მოვშორდი ვერ ვიახელ, ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ. გამოპარვით წამოსვლითა, ღ~თისა სწორნი მოვიმდურვენ. ნაცვლად მათად წყალობათა, მათნი გულნი შევაურვენ:-

746. პატრონი ჩემი გამზრდელი, ღ~თსაგან დიდად ცხოველი. მას უორგულე წამოველ, მართ დავივიწყე ყოველი. მშობლური ტკბილი მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი. მისი შემცოდე ღ~თისაგან, კარგსა არაღას მოველი:-

747. ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო ბედითა მისითა. არ უტყუვე და მოვსულვარ, მგზავრი ღამით და დღისითა. აწ იგი სადმე წასულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა. ცუდ მაშვრალი და მტირალი, ქვე ვზი პირითა მქისითა:-

748. დაო მეტსა საუბარსა, აღარ მამცემს ჟამი და დრო. არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა გავაადრო. წავალ ვსძებე ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო. თვარამ ბედი აზომ თურმე, მიკვეთს ღ~თსა რაღა ვკადრო:-

749. ამის მეტი აღარა სთქვა, ატირდა და წამოვიდა. ქვაბი ჩავლო წყალსა გახდა, შამბი გავლო ველს გავიდა. ქარი ველთა მონაქროლი, ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა. რად მიმეცო ამა ჭირსა, ბედსა ამას უზრახვიდა:-

750. იტყჳს ღ~თო რა შეგცოდე, შენ უფალსა არსთა მხედსა. რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა. ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წარსაწყმედსა. მოვჰკუდე თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა:-

751. მოყვარემან ვარდის კონა, გულსა მკრა და დამიწყლულა. იგი ფიცი ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა. მას თუ გამყრი საწუთროვო, ჩემი ლხინი გარდასრულა. სხვა მოყვარე გულსა ჩემსა, გაკიცხულა გაბასრულა:-

752. კულავ იტყჳს მიკჳრს ნაღველი, კაცისა მე ჭკვიანისა. რა ჭმუნვარებდეს რას არგებს, ნაკადი ცრემლთა ბანისა. სჯობს გამორჩევა აზრობა, საქმისა დასაგვანისა. აწ მეცა მიჯობს მონახვა, მის მზისა ლერწამ ტანისა:-

753. ყმა გაემართა საძებრად, მტირალი ცრემლთა მფქვეველი. ეძებს უძახის უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი. სამ დღემდი მოვლო მრავალი, ხევი შამბნარი ტყე ველი. ვერ ჰპოვა მივა მჭმუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი:-

754. იტყჳს ღ~თო რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე. რად შემასწარ ამა ბედსა, ჩემსა რა სასჯელი მამივლინე. გამკითხველო გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე. შეამოკლე დღენი ჩემნი, ჭირნი ჩემი გამილხინე:-

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვი რომ დახოცა.

755. მივიდოდა მიუბნობდა, ყმა მტირალი ფერ შეცვლილი. ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან ჩრდილი. ნახა შავი შამბთა პირსა, დგა სადავე უკუყრილი. თქვა უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი:-

756. რა შეხედა ყმასა გულმან, გაუფეთქნა გაუნათდა. აქა ლხინი დაღრეჯილსა, უათასდა არ უათდა. ვარდმან ფერი გაანათლა, ბროლი ბროლდა სათი სათდა. ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა:-

757. რა ტარიელ დაინახა, გაღანამცა დაეღრიჯა. ახლოს მყოფი სიკუდილისა, ჯდა და პირი დაებღნიჯა. საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა. მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა:-

758. ერთკენ უც ლომი მოკლული, და ხრმალი სისხლ მოცხებული. კულავ სხვაგან ვეფხი უსულო, მკუდარი ქვე დანარცხებული. მას წყაროსაებრ თვალთაგან, ცრემლი სდის გაფიცხებული. მუნ ეგრე გულსა უნთებდა, ცეცხლი მცხინვარე ცხებული:-

759. თუალთა აჴმადცა ზარ ედვა, სრულად მიხდოდა ცნობასა. მიახლებოდა სიკუდილსა, მოშორვებოდა ნობასა. ყმა სახელდებით უყივის, ლამის სიტყვითა კრთობასა. ვეღარ ასმინა გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა:-

760. ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა. ახლოს უზის და უყივის, მართ სახელდობით სახელსა. ეტყჳს ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთჳს გაჭრილსა და ხელსა. მას არა დია შეესმის, რეტსა თვალ დაუფახველსა:-

761. ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა. ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა. მაშინღა იცნა აკოცა, მოეჭდო მოეძმობილა. ვიმოწმებ ღ~თსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა:-