ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

721. “აწ მეფეო, უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების, “გული მას აქვს გულოვანსა, აქა ხელი რა მეხდების! “თუ რას ვარგებ, პირველ ხოლმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების; “ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ ჩემი ფიცი არ გატყდების.

722. “წასვლა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს; “თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს; “მანვე ჰქმნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე დაგიბრუნდეს; “არ მობრუნდე, თქვენმცა სუფევთ, მტერნი თქვენნი დაძაბუნდეს.

723. კვლავ პირ-მზე ეტყვის ვეზირსა: “მე სიტყვა შევამცირეო, “აწ, ესე ჰკადრე მეფესა, შევინვიდოდეს ვირეო, “მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო, “ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო“.

724. ვეზირმან უთხრა სიცილით: “ქრთამი შენ გქონდეს შენია, “შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია; “მაგას რა ვკადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია, “ვიცი უცილოდ ამავსებს, შოება არ საწყენია.

725. “თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ წამაროს, “შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე გლახ, მიწა მესამაროს; “მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს; “არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს.

726. “გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე გლახ ვით გათნიო? “ამიკლებს და ანუ მომკლავს: “ეგე სიტყვა ვითა სთქვიო, “რად არ მუნვე გამიგონე, რად ხარ შმაგი აგეთიო! “სჯობს სიცოცხლე აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.

727. “თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ! “რად გაგიშვან, რად დაღორდენ, ანუ მზესა რად მოჰშორდენ! “შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ, – “ეგე ასე არ იქნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ“.

728. ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: “ჰხამს თუ დანა გულსა ვიცი, “ჰე ვეზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ თუ იცი, “ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი? “თუ გინახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი!?

729. “მზე დაბრუნდა არ ვიცოდი მზესა რამცა დააბრუნვებს, “აწ ვუშველოთ, გვიჯობს იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს, “ჩემი ჩემებრ არ ვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს; – “ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

730. “მეფე ანუ მისნი სპანი ნეტარ ხელსა რასა მხდიან, “აწ ვითამცა გაუწყვეტლად უცნობოსა ცრემლი მდიან! “სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან, “ჭირნი მისგან უნახავნი, დია ვისმე გამოსდიან!

731. “აწ ვეზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს? “რკინა, ჩემი მონაცვალე, ჰხამს გაცვილდეს, არ გატინდეს, “ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა ჯეონიცა თვალთა მდინდეს, “მომეხმარე, ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.

732. “არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგნებლად, “ვითა მნუკევს, ეგრე დავრთო, გული ცეცხლთა მოსადებლად, “ვიცი, ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად; “სთქვი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დასდევ საწამებლად“.

733. ვეზირმან სთქვა: “შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების, “ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების; “ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების, “ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების“.

734. რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა; მეფე დაჰხვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა; შეუშინდა, საწყენლისა მოხსენება ვერ შეჰმართა, დაყრით დადგა, იგონებდა არ საქმეთა საომართა.

735. მეფემან ნახა ვეზირი, დაღრეჯით დაყმუნვებული, უბრძანა: “რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?“ მან ჰკადრა: “არა არ ვიცი, მართ ვარ თავისა ვებული, “მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმას ამბავი გაკვირვებული.

736. “ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა ჰმატს და არცა დიდობს, “მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული არა ჰრიდობს: “აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს, “უმისყმისოდ სოფელს და საწუთროსა მისთვის ჰფლიდობს“.

737. რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა, კვლავ მოახსენა: “რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა, “თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა, “მართალ ხართ, ჩემთვის რისხვანი თუმცა იანაზდენითა.“

738. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაუცნობდა, ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა, შეუზახნა: “რასთვის შმაგობ, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა, “ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა.

739. “ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ, ვითა ღადრად. “მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად, ადრად! “შმაგო, ენა ვით იხმარე, აწ მაგისად ჩემად კადრად! “აგრე შმაგი არც ვეზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად!!

740. “ჰხამსცა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დაჰრიდნეს, “ოდენ სიტყვა უმეცრული უმეცარად დაიყბედნეს?! “მე მაგისად მოსმენამდის, რად არ ყურნი შემეჭედნეს! “შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს“.