ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

702. რა გათენდა, კაცი მივა მომკითხავი, დარბაზს მხმობი; ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილ-ნაკრთობი; ერთმანერთსა ეჯარვიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი; მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.

703. მეფე შესჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა: ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა, მზესა ქორნი აბნელებდეს, ძალთა სრბოლა მიდამოდა, მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

704. ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი, შეიტანეს დიდებულნი თავადნი და სპანი სრულნი; დასჯდა, დაჰხვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი; ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს სრულნი.

705. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა, ბაგეთა გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ კბილთა ელვა ჰკრთებოდა; ღირსნი ახლოს სხდეს, ისმენდეს, შორს ჯარნი დაიჯრებოდა, უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა.

706. ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა, მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა, ზოჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა! რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!

707. წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო? “მოგშორდი, ედემსნაზარდო, ტანო ლერწამო და ხეო, “შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ-მჭვრეტთა სავაგლახეო; “ცხადად ნახვასა არ ღირსვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!“

708. ამას მოსთქმიდის ტირილით, ცრემლისა დასაღვაროთა, კვლავ გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა, – “არ დავთმოთ, რა ვქნათ, სევდასა, მითხარ, რა მოუგვაროთა? “თუ ლხინი გვინდა ღვთისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა“.

709. კვლავ იტყვის: “გულო, რაზდენცა გვაქვს სიკვდილისა წადება, “სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება, “მაგრა დაჰმალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება, – “ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!“

დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვეზირის საუბარი და ხვეწნა

710. რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე, იტყვის: “ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს, დაცავფარე!, დათმობასა ეაჯების: “გულსა შენ რა მოუგვარე!“ ცხენსა შესჯდა, წამოვიდა ვეზირისა სახლსა მთვარე.

711. ვეზირმან სცნა, გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული, “ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული!“ მიეგება, თაყვანი სცა, ჰკადრა სრულსა ქება სრული, – ჰხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.

712. ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან; ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან; ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან: სთქვეს: “სუნნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერნა ქვენა ბუქმან“,

713. დასჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ჰხელეს, მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს, სულ-თქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს; გაყრა ჰბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

714. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვეზირსა ეუბნების ეტყვის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების, “რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების; “გაიგონე ჭირნი ჩემნი, მკურნე, რაცა მეკურნების.

715. “მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა, “მკლავს სურვილი და ვერ ნახვა ჩემისა სასურველისა; “მას ჩემთვის სული არ ჰშურდეს, შეზღვა ჰხამს შეუზღველისა, – “ჰხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

716. “მისი ნახვა გულსა ჩემსა, ვითა ბადე, დაებადა, “მუნვე დარჩა, დათმობაცა მასთანავე დაებადა; “რადგან დასწვავს მუახლეთა, ღმერთსა მზეთცა დაებადა; “მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა.

717. “ოდეს წამოველ, შევფიცე ფიცითა საშინელითა: “კვლავ მოვალ, გნახავ პირითა, არ მტერთა საწუნელითა; “შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა;“ “ჟამია ჩემგან წასვლისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.

718. “ყველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა, “მიმელის და ვერ მივსრულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა; “ვერ გაუტეხ ზენაარსა, ვერ გავწირავ ხელი ხელსა, – “რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა

719. “რაცა გითხარ, ჩემ მაგიერ როსტენს ჰკადრე, მივედ სრასა; “თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ ვეზირსა, უსტასრასა: “არ შემიპყრობს, არ დავდგები; თუ შემიპყრობს მაქნევს რასა? “მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არა ჰსრასა!

720. “ჰკადრე: “ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ შეუზრახემან! “ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა სახემან; “მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვაო, ალვისა სახემან, “გული წამსავე წამიღო, ვერად ვერ შევინახემან.