ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

682. წვრილად ჰკადრა, რა იცოდა, რა ნახული, რა ნასმენად; “ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად მენად, “ქალი ახლავს სასურველად, სულთა-დგმად და ჭირთა თმენად: ვაჲ, სოფელმან სოფელს-მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!“

683. ქალსა რა ესმა ამბავი, მიხვდა წადილი ნებისა, განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა, იტყვის: “რა ვუთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა, “რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?“

684. ყმა ეტყვის: “ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა? “მან ჩემთვის დაწვა, თავისა დასდვა, არ დასაწვავისა, “დრო დამიძს ჩემგან მისვლისა, მითქვმს დადება თავისა, “მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.

685. “ჰხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, “გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად, “კვლავ მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად,– “აჰა მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!“

686. მზე ეტყვის: “მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა: “პირველ, შენ მოხველ მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა, მერმე ზდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა, “ვპოვე წამალი გულისა აქამდის დადაგულისა.

687. “საწუთრო კაცსა ყოველსა, ვითა ტაროსი, უხდების: “ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების; “აქამდის ჭირი ჩემზედა, აწ ესე ლხინად უხდების – “რადგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების!

688. “შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა, – “ჰხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა, “ძებნა წამლისა მისისა, ცოდნა ჰხამს მართ უიიცისა; “ჩემი სთქვი, რა ვქნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს მი, ცისა?“

689. ყმამან ჰკადრა: “სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა, “ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა, “ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა, – “თუ გიახლო, ერთხელ ვაჲ, და რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!

690. “ვაჲ თუ გავიჭრე, გაჭრილსა სადა გლახ დამწვავს სამ ალი! “გული ჰძეს საგნად ისრისა, მესვრის საკრავად სამალი; “დრო სიცოცხლისა ჩემისა დღისიდ-ღა სჩანს ნასამალი; “ფარვა მწადს, მაგრა გარდაჰხდა ჟამი, პატიჟთა სამალი!

691. “მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე; “ვარდსა ქაცვი მოაპოვეს, ეკალთამცა რად ვეფხანე, “მაგრა, მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე, “სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე“.

692. ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის-მხდელი, ამაზედა ეუბნების, ვით გამზრდელსა, ამო მზრდელი; ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ-ჰქმნა მისი საწადელი, – ღმერთმან ჰქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი.

693. რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს? ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს ჰრგოს, მორწყოს, ახ იოს! მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს, – ვაი, მოყვრისა გაყრილსა, ახიოს, ეყოს, ახიოს!

694. მათ მიჰხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა; ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა, მზე სტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა, იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვაჲ, სისხლთა ჩემითა ხვრეტითა!“

695. ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს, რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და აგულჩვილებს; რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, – მის მოყვრისა მოშორება კვლავ აბინდებს, არ ადილებს.

696. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ჰქმნის ღარად და ღარად, იტყვის: “მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად, “მიკვირს თუ, გული ალმასი შავმან წამწამმან ჰდაღა რად? “ვირე ვნახვიდე, სოფელო მინდი სალხინოდ აღარად!

697. “ვინ გუშინ ედემს ნაზარდი ალვა მრწყო, დამრგო, მახია, “დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია; “დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა მახია, “აწღა ვცან საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!“

698. ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს, გულ-ამოსკვნით, ოხვრა-სულ-თქმით, მიჰხრის ტანსა, მიაწარებს; საყვარლისა სიახლესა მოშორება გაამწარებს, – ვაჲ, საწუთრო, ბოლო თავსა ასუდარებს, აზეწარებს!

699. ყმა მივიდა, საწოლს დასჯდა, ზოგჯერ სტირს და ზოგჯერ მაგრა ახლავს გონებითა, საყვარელსა არ მოსწყდების; | ბნდების, ვით მწვანილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების, – ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!

700. გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო ლხინთა მდომელი, გული ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა მეფეა რომელი!

701. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი, მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი, მის მზისა მკლავსა ნაბამი, მათ კბილთა შესატყვისონი, პირსა დაიდვა, აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.