ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

878. სადა ინდონი ბროლ ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა჻ მას მოვეშორვე წამოვე სიჩქარით არ სიწყნარითა჻ ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა჻ შენ არ შემიყრი გამიყრი აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა჻

879. ნუ გამგზავნი გულ მოკლულსა ერთი მიყავ საწადელი჻ ერთხელ შეჯე ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მდგმელი჻ ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი჻ მე წავალ და შენ დაგაგდებ იქნას შენი საწადელი჻

880. ეხვეწებოდა შეჯეო აჯას ხვეწნითა არვებდა჻ იცოდა რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა჻ ლერწმისა სარსა დასდრეკდა გიშერსა დააკარვებდა჻ დაიმორჩილა იამა არ ივაგლახა არ ვებდა჻

881. ცხადად უთხრა შევჯდებიო მამიყვანე ცხენი წინა჻ მან მოგვარა წყნარად შესვა არ სიჩქარით ააქშინა჻ მინდორთაკენ წაიყუანა ტანი მჭევრი აძრვევინა჻ ხანი წავლეს სიარულმან მოჯობება დააჩნინა჻

882. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა჻ მისთვის ძვრიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის ფერთა჻ მისი სმენა გააყმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა჻ მოიშორვა კაეშანი დათმობავე შეაერთა჻

883. რა შეატყო მოჯობება მუნ სევდისა მუფარახმან჻ გაანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან჻ ცნობიერთა დასტაქარმან უცნობოთა ოხრა ახმან჻ ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მძრახმან჻

884. შერასმეყვეს საუბარსა სიტყვა კადრა არ მალული჻ ერთსა რასმე მოგახსენებ გამიცხადე დაფარული჻ ეგე სამხრე მისეული შენ გაჩნია მისგან წყლული჻ რაგვარ გიყუარს როგორ გიღირს თქვი დავიღო მერმე სული჻

885. მან უთხრა სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა჻ ესეა ჩემი სიცოცხლე ჩემი მამცემი ახისა჻ მჯობი ყოვლისა სოფლისა წყლისა მიწისა და ხისა჻ არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა჻

886. ავთანდილ უთხრა ელმოდი მართ მაგისავე თქმევასა჻ აწ რადგან გითქვამს პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭ თნევასა჻ სჯობს ასმათისა არ ლევა მაგა სამჴრისა ლევასა჻ ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა჻

887. სამჴრე გაბია ოქროსა ოქრომჭედლისა დნობილი჻ უასაკო და უსულო არ სიტყვიერი ცნობილი჻ აღარად გინდა ასმათი ნახე მათალი ბრჭობილი჻ პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი და მერმე შენი დობილი჻

888. თქვენს შუა მქმნელი საქმისა შენგან ნახმობი დობისა჻ თქვენი შემყრელი მსახური შენგან ღირს ქნილი ცნობისა჻ მისი გამზრდელი გაზრდილი მისთვის მიხდილი ცნობისა჻ გლახ დაგიგდია არ ნახავ შაბაშ მართლისა ბრჭობისა჻

889. მან უბრძანა რაცა გითქვამს უმართლე ხარ მეტის მეტად჻ საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად჻ მე სიცოცხლე არ მეგონა შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად჻ რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ თუცავე ვარ ჯერცა რეტად჻

890. დამორჩილდა გაემართნეს ავთანდილ და ამილბარი჻ ვერ მიგია ქება მათი ვერა ქება საქებარი჻ კბილნი ვითა მარგალიტი ბაგე ვარდი ნაპობარი჻ გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი჻

891. ამას ეტყვის შენთვის დავდებ გონებასა სულსა გულსა჻ მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა჻ არას გარგებს სწავლულობა თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა჻ არ იხმარებ რას ხელსა ხდი საუნჯესა დაფარულსა჻

892. არას გარგებს შეჭირვება რომ სჭმუნვიდე რა გერგების჻ არ თუ იცი უგანგებოდ არათ კაცი არ მოკვდების჻ მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების჻ ბედი ცდაა გამარჯვება ღ~თსა უნდეს მოცაგხვდების჻

893. მოახსენა ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს჻ გონიერსა მწურთელი უყუარს უგუნურსა გულსა გმირდეს჻ მაგრა რა ვქნა რაგვარ გავსძლო მეტის მეტი რა მიმჭირდეს჻ შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი არ მამართლო არ მიკჳრდეს჻

894. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს ამად აენთების჻ მაგრა წყალსა არსით ახლავს თუ ჩავარდეს დაცაშრტების჻ რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს სხვათათვისცა ეკარგების჻ თავიდაღმა რად არ იცი გული ჩემი რაგვარ დნების჻

მბობა ტარიელისაგან ავთანდილისაგან ლომ ვეფხვის დაჴოცისა჻

895. რა წამეკიდა ყველაი წურილად გიამბო ენითა჻ მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა჻ შენ მოგელოდი მიმჭირდა მოლოდინითა შენითა჻ ქვაბს ვეღარ გავსძელ მინდორად მოვლა მამინდა ცხენითა჻

896. იმა ქედსა გარდავადეგ იგი შამბნი მამეარნეს჻ ერთი ლომი ერთი ვეფხი შეკრბეს ერთად შეიყარნეს჻ გვანდეს რათმე მოყვარულთა მათი ნახვა გამეხარნეს჻ მათ რა უყვეს ერთმანერთსა გამიკვირდეს შემეზარნეს჻