ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

917. ამა დროსა გარდავსცილდე აქა ქვაბსა არ მოვიდე჻ ცან ცოცხალი არ თურე ვარ უღონიოდ მოვკვე კიდე჻ ეს ამისად ნიშნად კმარის შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე჻ მაშინ გწადდეს იხარებდი გწადდეს ჭმუნვა გაადიდე჻

918. აწ რაცა გკადრე ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი჻ მოგშორდები და არ ვიცი თუ ცხენი დამცემს თუ ნავი჻ არ უთქმელობა არ ვარგა არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი჻ არ ვიცი ღ~თი რას მიზამს ანუ ცა მიწყივ მბუნავი჻

919. მან უბრძანა აღარ გაწყენ არცა სიტყვა გამიმეტდეს჻ არ მამისმენ რაზომიცა საუბარი მიდიადდეს჻ თუ არ მოგყვეს საყვარელი შენ მას მიყევ რაცა სწადდეს჻ ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს჻

920. არ დაიჯერო მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა჻ ჩემთვის ყველაი სწორია გაჭრა და გაუჭრელობა჻ შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქ მრჯის რაზომ გინდა ხელობა჻ უშენოდ მამხვდეს რაღა ვქნა არ დია დღეთა გრძელობა჻

921. საუბარი გარდასწყვიტეს დააპირეს ესე პირი჻ ცხენსა შესხდეს მოიარეს თვითო მოკლეს ველს ნადირი჻ შემოიქცეს აატირეს გული კვლავცა ანატირი჻ ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი჻

922. ლექსთა მკითხველნო თქვენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია჻ გულმან გლახ რა ქნას უგულოდ თუ გული გულსა ელია჻ მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია჻ ვინცა არ იცის არ ესმის ესე დღე როგორ ძნელია჻

923. დილა გათენდა შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს჻ ტარიელ ასმათ ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი ალამნეს჻ სამთავე ღაწუთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს჻ მათ ლომთა მიწყივ მჴეცქმნილთა თავნი მჴეცთანა ალამნეს჻

924. ქვაბი ჩავლნეს და წავიდეს ტირილით ცრემლთა მდენანი჻ ასმათ ტირს მოთქვამს ჰე ლომნო ვისნი ვით მოგთქმენ ენანი჻ მზემან დაგვწვა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი჻ ვაი ჭირნი ჩემნი ეზომნი ვაი სიცოცხლისა თმენანი჻

925. მათ ყმათა მუნით წასულთა იგი დღე ერთად იარეს჻ ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს არ ჴმელთა არე იარეს჻ არ გაიყარნეს მას ღამეით კვლავ ცეცხლი გაიზიარეს჻ ერთმანერთისა შორს ყოფა იტირეს იმგლოვიარეს჻

926. ტარიელს ეტყვის ავთანდილ რუ გაჴმა ცრემლთა დენისა჻ რად მოიშორე შენ ფრიდონ მამცემი ამა ცხენისა჻ მუნით იცნობის ამბავი ღონე მის მზისა მშვენისა჻ აწ მე მუნ მივალ მასწავლე გზა ძმად ფიცისა შენისა჻

927. ტარიელ სიტყვით ასწავლის მჴრისა ფრიდონის გზასასა჻ მართ გააგონა რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა჻ აღმოსავლითკენ წადიო პირსა იარე ზღვისასა჻ თუ ნახო ჩემი უამბე გკითხავს ამბავსა ძმისასა჻

928. თხა მოკლეს და მიითრიეს ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა჻ სვეს და ჭამეს რაცა ჭამა შეფერობდა მათსა ჭირსა჻ მას ღამესა ერთად იყუნეს ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა჻ ვგმობ მუხთალსა საწუთროსა ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა჻

929. ცისკრად ადგეს გასაყრელად ერთმანერთსა მოეხვივნეს჻ მაშინ მათგან ნაუბარნი დადნეს ვინცა მოისმინეს჻ თვალთა ვითა წყაროს თვალნი ცრემლი ველთა მოადინეს჻ დიდხანს დგანან შეჭედილნი მკერდი მკერდსა შეარკინეს჻

930. გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით თმათა გლეჯით჻ ერთი აღმა ერთი დაღმა უგზო მივლენ შამბთა ეჯით჻ ვირემ უჩნდა ერთმანერთი იძახდიან პირსა ბღნეჯით჻ იგი ნახოს დაღრეჯილი მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით჻

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს რომ შეეყარა჻

931. ვაი სოფელო რაშიგან ხარ რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა჻ ყოვლიმც შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა჻ სად წაიყვან სადაურსა სად აღუფხვრი სადათ ძირსა჻ მაგრამ ღ~თი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა჻

932. ავთანდილ მისი გაყრილი ტირს ჴმა მისწვდების ცათამდის჻ იტყვის თუ ღვარი სისხლისა კულაცა მდენია კულაცა მდის჻ აწ აგრე გაყრა ძნელია ვით მაშინ შეყრა ცათამდის჻ კაცი არ ყველა სწორია დიდი ძეს კაცით კაცამდის჻

933. ველს მაშინ მჴეცნი ძღებოდეს ცრემლითა მუნ ნატირითა჻ ვერ დაივსებდა სახმილსა იწვის ცეცხლითა ჴშირითა჻ კვლავ თინათინის გონება ავსებს უფროვე ჭირითა჻ ბაგეთა ვარდი ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა჻

934. ვარდი ჭკნებოდა ღვრებოდა ალვისა შტო ირხეოდა჻ ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა჻ გამაგრებოდა სიკვდილსა ამისთვის არ უმჴნეოდა჻ იტყვის თუ ბნელი რას მიკვირს რადგან დამაგდე მზეო და჻

935. მზესა ეტყვის მზეო გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად჻ შენ მას გავ და იგი შენ გავს თქვენ ანათებთ მთა და ბარად჻ ხელსა მალხენს ნახვა შენი ამად გიჭვრეტ არ დამცდარად჻ მაგრა ჩემი რად დააგდეთ გული ცივად გაუმთბარად჻