ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

643. ავთანდილ უთხრა: “მე შენი გაყრა არ მომეთმინების: “თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების; “მართალსა გითხრობ, ამისი კადრება ნუ გეწყინების, “შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.

644. “რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, “მან სხვა იხმოს მკურნალი და მაჯისაცა შემტყობარი; “მან უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი, – “სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

645. “რაცა გითხრა, მომისმინე, ბრძენი გეტყვი, არა ხელი, “ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის არ ერთხელი, – “კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი; “აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.

646. “იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო: “მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო; “შენ გენუკვი, შემიჯერო, ღმერთი იღვთო, ცაცა იცო: “ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.

647. “რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო, “მეცა ფიცით შეგიჯერებ, არასათვის არ გაგწირო, “კვლავ მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე შენთვის ვირო, “ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, მისთვის ეგრე არ გატირო“

648. მან მიუგო: “უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი? “გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი! რა გვარამცა დაგივიწყე; რა გვარამცა უკუ-მქარდი “ღმერთმან ჰქმნას და კვლავცა გნახო, ალვა მორჩი, განაზარდი.

649. “პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, “გული მინდორს არ გაიჭრას, არ ირმოს და არცა ითხოს; “თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს, “შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს, სევდა მითხოს!“

650. ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულ-სადაგნი, იაგუნდნი ქარვის ფერნი, სიტყვა ბრძენნი, ცნობა-შმაგნი; შეუყვარდათ ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი; მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.

651. ავთანდილცა მასვე თანა სტიროდა და ცრემლი ჰღვარა; რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა, ტარიელს თუ ვით ეწყინა, – რა ჰქმნას, ამას ვერ მიმხვდარა; ავთანდილცა ჩასტიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.

652. ავთანდილს ასმათ ჩამოყვა, ზენარით ეუბნებოდა, მუხლთა უყრიდა, სტიროდა, თითითა ეხვეწებოდა, ადრე მოსვლასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია სჭკნებოდა მან უთხრა: “დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!

653. “ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა, “ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუსად არებს იმა ტანსა, “აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა! “შეიგენით, მიცემულვარ ჭირსა რასმე თანის-თანსა“.

ამბავი ავთანდილისა არაბეთს მიქცევისა ტარიელ რომ იპოვნა და წავიდა

654. იგი მუნით წარმოსული სევდამანცა განა მოკლა! პირსა იხოკს, ვარდსა აპობს, ხელი მისი გაამოკლა, სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცნი ყოვლნი გაამლოკლა; მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

655. მუნ მოვიდა, სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს; ჰნახეს, იცნეს, რა გვარადმცა ჰმართებთ, აგრე გაეხარნეს; შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლავ კაცთა თავნი არნეს: – “მოვიდაო, აქამდისი ვითვის ლხინი გაგვემწარნეს!“

656. გაეგება, მოეხვია, ზედან დასდვა პირი ხელსა, აკოცებდა სიხარულით, ცრემლთა მღვრელი ველთა მსვრელსა, ესე სთქვა თუ: “ნეტარ, ღმერთო, ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა, “მე ვით ღირსვარ ამას, რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდეს მრთელსა!“

657. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედან დასდვა პირი პირსა, უბრძანა თუ: “ღმერთსა ვმადლობ, შენ თუ ჭირად არა გჭირსა! “ დიდებულთა თაყვანი-სცეს, აკოცებდა ვინცა ღირსა, ზარსა სცემდეს, უხაროდათ უფროსსა და თუნდა მცირსა.

658. მივიდეს, სადა სამყოფად სახლი დგა მუნ აგებული, შემოკრბა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული; მაშინვე დასჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული, – ენა მის დღისა შვებასა ყოლ ვერა იტყვის კრებული.

659. შერმადინს უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული: ანუ ვით ჰპოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული; ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ-დაფახული: “უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და ხული“.

660. მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა: “შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!“ მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, განისვენა: ცისკრად შესჯდა, გაემართა, დღე რა მზემან გაათენა.

661. არცაღა დაჯდა ნადიმად, არცაღა ქმნად ხალვათისა; შერმანდინ მახარობელი წავა მისვლისა მათისა, ფიცხლა წავიდა, სავალი სამ-დღე ვლო დღისა ათისა: მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა.