... (A-859), 1841 წ.

686. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა, გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი. მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ გულოვანი. ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან, ერთგან მოყმე და მხცოვანი. სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკუდილი სახელოვანი:-

687. მერმე ვიშიშვი მეფეო, თქვენად კადრებად ამისად. სცდების და სცდების სიკუდილსა ვინ არ მოელის წამისად. მოვა შემყრელი ყოველთათჳნ, ერთად დღისა და ღამისად. თუ ვერა გნახნე ცოცხალმან, სიცოცხლე მქონდეს ჟამისად:-

688. თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან. ღარიბი მოჰვკუდე ღარიბად ვერ დამიტიროს მშობელმან. ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა, და ვერცა მისანდობელმან. მუნ შემიწყალოს თქვენმავე, გულმან მოწყალე ლმობილმან:-

689. მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები. მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები. შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი არას მქონები. მიღვწიან მამიგონებენ, დამლოცვენ მოვეგონები:-

690. ღმერთსა მვედრებდა მრავალი, გლახაკი გულმხურვალები. დამხსნას ჭირსა და სიკვდილსა, ნუმცა რად შევიცვალები. კულავ ცეცხლი ჯოჯოხეთისა, ნუმცა მწვავს იგი ალები. მომცეს მკჳდრივე მამული, მუნ ჩემი სასურვალები:-

691. დამხსნას ბნელი და ნათელი, შემმოსოს ზესთა ზენისა. ჩემი არ ჰქონდეს შეძლება, სოფლისა მღილთა კბენისა. მუნ დამაუნჯოს წამალი, სადა ძეს სულთა ლხენისა. ფრთენი მომესხნენ და ძალი, მომეცეს აღმაფრენისა:-

692. რაცა თქვენთჳს არ ვარგიყოს, საჭურჭლესა დასადებლად. მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა გასადებლად. ნურა ნუ გშურს საქონელი, ჩემი ჩემთჳს წასაგებლად. თქვენ გან კიდე არვინ მივის, ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად:-

693. ამას იქით ჩემგან ჩემი, ამბავიცა არ გეცნევის. ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს არ გეთნევის. არას არგებს ეშმაკისა, საქმეთაგან დაეძლევის. შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის:-

694. გვედრებ მეფეო შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა. ნაკად აქვს ჭირი სამისოდ, ამ წელიწადსა წლეულსა. ნუგეშის ეც წყალობით, ჩემგან წყალობა ჩვეულსა. ნუ დაადინებ თვალთაგან, ცრემლთა სისხლითა ფრქუეულსა:-

695. გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა. აჰა გამზრდელო მოგშორდი, წაველ გულითა ხელითა. ნუ სჭმუნავთ ჩემთჳს მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა. სუფევითამცა ხარ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა:-

696. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა. უთხრა ჰკადრეო მეფესა, საქმითა მეცნიერითა. შენ დაგამეტებს ვერავინ, მსახურებითა ვერითა. მოეხჳა და ატირდა, ცრემლითა სისხლთა ფერითა:-

ლოცუა ავთანდილისაგან მიზგითად და გაპარვა მისი.

697. ილოცავს იტყჳს მაღალო, ღ~თო ხმელთა და ცათაო. ზოგჯერ მამცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო. უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო. მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის თქმათაო:-

698. ღ~თო ღ~თო გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა. შენ დაბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა. მე სოფელმან მამაშორვა, უკეთესსა ჩემსსა მზესა. ნუ აღმოფხვრი სიყვარულსა, მისსა ჩემთჳს დანათესსა:-

699. ღ~თო ღ~თო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე. შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვლიდე. მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე. თუღა დავრჩე გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევსწირდე:-

700. რა ილოცა ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა. შერმადინცა დააბრუნა, თუმცა ვამნი ადიადნა. მონა სტირს და მკერდსა იცემს, საბრალომან ცრემლი ღვარნა. პატრონისა ვერა მჭვრეტმან, ყმამან რამცა გაიხარნა.

701. აწ ამბავი სხვა დავიწყოთ, ყმასა წავყვე წამავალსა. არ შეექნა დარბაზობა, მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა. რა გათენდა შუქი ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა. ჴმობა ბრძანა ვეზირისა, მიიყუანდეს შიშით მკრძალსა:-

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლისა.

702. რა ვეზირი მოწიწებით, დარბაზს ნახა შემოსრული. როსტან უთხრა არა მახსოვს, გუშინდელი შენგან ქნილი. მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული. აზომ რომე გაგათხოვე, შენ ვეზირი გულის გული:-

703. თუ რად მახსოვს რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე. მართლად უთქვამს მეცნიერთა, წყენააო ჭირთა ბადე. ესე გვარსა ნუ ოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე. აწ მითხარ თუ რას იტყოდი, თქჳ და სიტყვა გააკულავდე:-