ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

623. “აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს, “უბრძანა: “სძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს“ “მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მორემლხენოდეს, – “უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!

624. “ფრიდონ საჯდომნი დამიდგა ადგილსა საბატონოსა, “მითხრა, თუ: “მცდარვარ აქამდის, ვერ მივხდი გასაგონოსა: “ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა! “ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა!“

625. “რას ვაგრძელებდე, მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მძებნელი, “ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელი, “ვერა ვერ ეცნათ, ვერ იყვნეს ვერას ამბისა მცნობელი; “მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლავ ცრემლი შეუშრობელი.

626. “მე ფრიდონს ვუთხარ: “ესე დღე ვითა მესაზაროების, “ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების; “უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების, “დავხსნილვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.

627. “მაშა მე მისსა ამბავსა რადგან აღარას მოველი, “ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!“ ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მოერწყო ველი, “მითხრა თუ: “ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!“

628. “თუცა დია მოიჭირვეს ვერცა ეგრე დამიჭირეს, “მისთა სპათა მუხლ მოყრითა თავი მათი ჩემ კერძ ირეს, “მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს: “ნუ წახვალო, დაგაწამოთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!“

629. “ეგრე ვუთხარ: “თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების, “მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების; “ჩემსა ტყვესა ვერ გავწირავ, თქვენცა დია გებრალების, “ნუ ვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების“.

630. “მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი, “მითხრა: “ჰხედავ პირი მზისა, თქვენ საროსა ეგრეც ხენი, “ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენი რამცა გავკიცხენი, “თვით ამანვე მოგაწონოს სახედნობა, სიფიცხენი“.

631. “ფრიდონ გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით, “მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით; “სრულათ ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით; “გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.

632. “ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად, კვლავ ვიარე, “რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღვათა გარე, “მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერა შევეყარე, “გული სრულად გამიშმაგდა, თავი მხეცთა დავადარე.

633. “ვთქვი თუ: “ჩემგან აღარაა სიარული, ცუდი ცურვა, “ნუთუ მხეცთა სიახლემა უკუ-მყაროს გულსა ურვა!“ “მონათა და ამ ასმათსა სიტყვა ვუთხარ შვიდი, თუ რვა, “ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებთ ჩემი მდურვა.

634. “აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა, “ნუღარ უჭვრეთტ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთა მონადენთა“ “რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა, “მითხრეს: “ჰაჲ, ჰაჲ, რასა ბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა.

635. “უშენოსა ნუმცა ვნახავთ, ნუ პატრონსა, ნუ უფალსა; “ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა, “თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა;“ – “თურმე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ ღაფალსა.

636. “ვეღარ გავგზავნეს, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი, “მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი; “სახლად საყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი; “გავიჭერ, სრულად დავტკეპნე ქვე მინდორნი და ზე-მთანი.

637. “ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვე, დევთა შეეკაფნეს; “შემოვები, ამოვწყვიტენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს, “მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვი ავად მოექაფნეს; – “საწუთრომან დამაღრიჯნა, ცქაფნი მისნი კვლავ მეცქაფნეს.

638. “აჰა, ძმაო, მაშინდლიდგან აქა ვარ და აქა ვკვდები: “ხელი მინდორს გავიჭრები: ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები, “ესე ქალი არ დამაგდებს, არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, “ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!

639. “რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, “ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს; “ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულ ჰთქვამს, ზოგჯერ ახავს, “რადგან თავი ვერ მომიკლავს, ხმალი ცუდად მომიმახავს.

640. “მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები; “მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები; “მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები; “სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები“.

641. პირსა იცა, გაიხეთქა, ღაწვი ვარდი აახეწა, ლალი ქარვად გარდიქცია, ბროლი სრულად დაილეწა; ავთანდილსცა ცრემლი წასდის, წამწამთაგან ერთ-სახე წა; მერმე ქალმან დაადუმა, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა.

642. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან: “შენ ყველაკაი გაამე, მე ვერას ვერ ამებულმან; “გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან: “აწ წადი, ნახე შენი მზე, ნახვისა მოჟამებულმან“.