... (Q-714), XIX ს.

665. ფრიდონს უთხრა ვალი შენი, ჩემგან ძნელად გარდიჴდების჻ მაგრა თქმულა კარგის მქნელი, კაცი ბოლოდ არ წაჴდების჻ აწ საჭურჭლე რაზომიცა, აქა ძეს და ან იდების჻ შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე ვითა გხვდების჻

666. ფრიდონ მდაბლად თაყუანისცა, ჰკადრა მადლი მეტის მეტი჻ მე მეფეო რად გგონივარ, უჭკუო და აგრე რეტი჻ მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი჻ ჩემი ლხინი მუნამდისა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი჻

667. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა, მოსასხმელად აქლემისად჻ სახლსა მისსა მისაღებლად, მის ყუელასა საჭურჭლისად჻ აწ მუნითგან გაემართნეს, არაბეთით მივლად გზისად჻ ავთანდილა გალეული, შესაყრელად მთვარე მზისად჻

668. მიხუდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალნი ხანები჻ დახვდა სოფლები ციხები, ხშირ ხშირად თანის თანები჻ მუნ შიგა მყოფსა ემოსა, ტანსა ლურჯი და მწვანები჻ ავთანდილისთვის ყუელაი, ცრემლითა არს ნაბანები჻

669. ტარიელ კაცი გაგზავნა, წინაშე როსტან მეფესა჻ შესთვალა გკადრებ მეფეო, სურვილთა სიიეფესა჻ მე მოვალ მეფე ინდოთა, დარბაზსა თქუენსა სეფესა჻ გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭკუელ მოუკრეფელსა჻

670. მაშინ თქუენ ჩემი გეწყინა, ნახვა მიწისა შენისა჻ ცდა შეპყრობისა ავი ჰქენ, შემოტევება ცხენისა჻ მე შენთა სპათა ვაჩვენე, ნიშანი რამე წყენისა჻ დავჴოცე მონა მრავალი, მსახურნი სრისა თქუენისა჻

671. აწ ამად მოვალ წინაშე, დავჰყარენ ჩემნი გზანია჻ შემინდოთ რაცა შეგცოდეთ, ჰქმნე გაწყრომისა კმანია჻ ძღვენი არა გვაქვს გმოწმობენ, ფრიდონ და მისნი ყმანია჻ ოდენ ძღვნად თქუენი ავთანდილ, მე თქუენთვის მამიტანია჻

672. რა მიუვიდა მეფესა, მახარობელი ჟამისა჻ ვით გაეხარნეს ვერ იტყუის, ენა ერთისა წამისა჻ თინათინს ღაწუთა ემატა, ელვა შუქისა სამისა჻ ბროლსა და ლალსა აშვენებს, მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა჻

673. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა, სიცილი თქართქარებისა჻ ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქნა სწადდა მათკენ რბენისა჻ დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა჻ შესხდა სიმრავლე მოყმისა, მკლავ ფიცხელ გულ მაგრებისა჻

674. მეფე შეჯდა გაეგებნეს, თავადნი და სრულად სპანი჻ ვისცა ესმის მოვიდიან, მას წინაშე სხვაგნით სხვანი჻ ყუელაკაი ღ~თსა მადლობს, გაამაღლნეს მათნი ჴმანი჻ თქუეს ბოროტსა უმყოფოა, კეთილნია შენთვის მზანი჻

675. რა ერთმანერთი აუჩნდა, მისაგებ მოსაგებავი჻ ავთანდილ ეტყუის ტარიელს, სიტყუათა დანაზებავთა჻ აიგერა ხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა჻ ამად მედების საჴმილი, გულსა ეცხება ებავთა჻

676. ისია ჩემი გამზრდელი, და თქუენდა მოგებებულა჻ იქი ვერ მივალ მრცხვენიან, გულსა საჴმილი დებულა჻ ჩემად არაკად სულდგმული, კაცი არ გაწბილებულა჻ რასაცა მიზამთ თქუენ იცით, ფრიდონ თქუენადვე ხლებულა჻

677. ტარიელ უთხრა კარგსა იქ, შენ პატრონისა კრძალვასა჻ აწ დადეგ იქი ნუ მოხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა჻ მე მივალ უთხრობ მეფესა, შენგან თავისა მალვასა჻ ვეჭვ ღ~თითა ადრე შეგყარო, მზესა მას ტანად ალვასა჻

678. მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი჻ ნესტან დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი჻ მისთა წამწამთა ნიავი, ქრის ვითა ქარი არავი჻ წავიდა მეფე ინდოთა, მისრული მიუპარავი჻

679. ტარიელცა თაყუანისცა, მივა კოცნად სასალამოდ჻ მეფე ყელსა აკოცებდა, მართ ბაგისა დასაამოდ჻ გაკუირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ჻ შენ მზე ხარო შენი გაყრა, არის დღისა და საღამოდ჻

680. გაეკვირვა მეფე მისსა, თვალადობა სიტურფესა჻ პირსა უჭურეტს გაკუირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა჻ კულავ ფრიდონცა უსალამა, თაყუანისცა მან მეფესა჻ მას მეფესა ავთანდილის, ნახვისათვის მოსწრაფესა჻

681. მეფე ტარიას ქებასა, დაჰკრთების დაეღონების჻ ტარიელ ეტყუის მეფეო, აწ გული შენ გემონების჻ მიკუირს თუ ეგრე სიკეთე, თქუენ ჩემი რად გეგონების჻ რადგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების჻

682. ნუ გიკუირს მისი ვერ ნახვა, და დაყოვნება ხანისა჻ მოდი და დავსხდეთ მეფეო, ამოა კორდი მწვანისა჻ გკადრო მიზეზი მისისა, თქუენს წინა ვერ მოტანისა჻ ვიაჯი რასმე მე მართებს, მოთხოვა აწ ფარმანისა჻

683. დასხდეს მეფენი მოადგა, გარე სიმრავლე რაზმისა჻ ტარიელს პირსა ციმციმი, ადგს უნათლესი ბაზმისა჻ ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა, ყოფა ქცევისა და ზმისა჻ დაუწყო თხრობა მეფესა, სიტყუისა ბრძნად ნაკაზმისა჻

684. მეფეო თავი მემცრობის, მე მისად მოსახსენებლად჻ მაგრამ მოსრული თქუენს წინა, ვარ შემამხვეწლად მქენებლად჻ თჳთ იგი იაჯს რომელი, ჩანს მზეებრ შუქთა მფენელად჻ ვინ არის ჩემად სინათლედ, და ჩემად გამათენებლად჻