ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

487. თაყვანი სცა მერმე ყელსა მოეხვივა თარა ბრძენი; მოახსენა: “ღმერთო, რა ვთქვა მადლთა სენთა მე სიგრძენი! ამა ომთა მოარჩინენ, არ უობლენ წვრილნი ძენი, რა მადლი ვთქვა, რომ ასეთნი წყალობანი მიბოძენი!”

488. დასხდეს მეფე და ვაზირი, არჩევენ სათათბიროსა; მეფე ბრძანებდა სიტყვასა გულ-მდუღრად ასატიროსა: “ვაზირო, ჰგვანდა ძე ჩემი ბროლ-ლალსა გასაჭვიროსა, ვით მეტყვი: “სისხლი გაუშვი,” მაგ ძნელსა სავაზიროისა.”

489. ვაზირი ჰკადრებს: “მეფეო, თქვენ უმართლე ხართ მას დია, მაგრა ჰყავს ტყვედ დარჩენილი, ვინცა მესისხლე ცხადია; არ გაგიშვებენ ცოცხალსა, უფიცავს მას მაჰმადია, თუ გარდაუშვებ, გამართლებს, ვინ ღმერთისა დანაბადია.”

490. მეფემან ბრძანა: “ადვილად ნუ მეუბნები, ვაზირო, თუ დავივიწყო ძე ჩემი, მმართებს რომ გული ვატირო, ანუ გავიჭრა მონდორად და თავი გავინადირო, მიჯობს, რომ მოვკვდე და ჩემი დარჩომა არ დავაპირო.”

491. ვაზირმან ჰკადრა: “მეფეო, ისმინე სიტყვა ასები; აქამდი ჩემი კადრება არ გაგეგონა ნასები; ტარიელს თქვენთა სისხლთაგან სწადს სავსე შესვას თასები, თქვენად საკლავად მოუსხამს უცხო სპა ბევრ-ათასები.”

492. სისხლი გაუშვა ხვარაზმშა, მტკიცე ქნეს მოზავებული; შეჰფიცეს ყოვლი სიმტკიცე წინასწარ მოსწავებული; კარგ ვაზირობით არა ჩანს თარასგან დაშავებული; ხვარაზმშა დადგა, წავიდა ტარიელ გამარჯვებული.

493. მივა ტარიელ მოყვსითა ფრიდონ და ავთანდილითა, გამარჯვებული ნადირობს საბინდოთა და დილითა; იტყვის, თუ: ვერ გარდავიხდი მე ვალსა თქვენ სადილითა, თქვენ დამარჩინეთ, თუ არ მკვდრად ვიწევ ხვარაზმშას ჩრდილითა.”

494. წამოვიდეს მხიარულნი ნადირობით, თამაშობით. მტერთა ზედა მოქცეოდეს, მათგან იყვნეს უშიშრობით, მათ მოემწყო ხვარაზმელი, არ დაეგდო შამუშობით. ერთმანერთსა აქებდიან მხიარულნი, არ ქუშობით.

495. მოვიდეს მოქალაქენი, გამოეგებნეს ზარითა; მუტრიბთა ხმანი ისმოდეს ბარბითთა შენაზარითა; ნესტან-დარეჯან დაშვენდა ელვითა მით მწყაზარითა, მას სიხარულსა ვერ დავწერ ხელითა, ვერცა აზარითა.

496. რად ვაგრძელებდე, მუნ დაყვნა მრავალნი დღენი ამონი, მერმე გაუშვნა სავსენი მნათობნი დაუღამონი; წავლენ ფრიდონ და ავთანდილ ტკბილნი, გამომსალამონი, დადგა ტარიელ, თუც ცრემლი სდის ხმელთა დასალამონი.

497. აავსნა მისაცემლითა ოქსინოთა და შარდითა, სტავრითა, საკრამანგითა, მძიმითა სადუქარდითა; წავლენ ფრიდონ და ავთანდილ პირითა მინა-ვარდითა, გავლენ ზღვასა და მიდიან საროთა განაზარდითა.

498. მივიდეს, მათი ქვეყანა, მათ დახვდა ამოდ ნებითა; მოეგებნიან, სძღნობდიან წესითა და რიგებითა; თინათინს პირსა სინათლე ემატა დაშვენებითა; მულღაზანზარი შეიქნა მეტითა აშენებითა.

499. ეს ამბავი დარჩომოდა სარგის ლექსთა შეუწყობლად, აგრევ თმოგვი თმოგველთაგან შესავლითურთ დარჩა ობლად; ესე სიტყვა მოახსენეს, ვინ ჩანს გმირთა რაზმთა მწყობლად, მიბრძანა, თუ: “ლექსად თქვიო, მჭევრ-ქართულად, დაუშრობლად.”

500. ერთმანერთისა მეშველთა მებრძოლი იმაჯანიან; ორთავე მტერი მოყვარედ მათ წინა მოიყვანიან; მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები უაკვანიან, ორგულთა მკლავნი შემუსრნეს, ერთგულთა აგულვანიან;

501. ყოვლთა სწორად წყალობათა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავის მქმელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

502. დავით ქართველთა მეფესა ვის მზე მსახურებს მარებლად ესე ამბავი გავლექსე მე მათად მოსაჴმარებლად ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად მისთაორგულთა დამწველად ერთგულთა გამახარებლად

503. მე ვთქვი ქება თამარისა და ჴმელთა მინა მნათისა ვთქვი მათი ქება მზისა და მქონდა ქებისა მათისა რომანულისა თვალისა მის ბრილისა და სათისა მემცა ვით მექო ვერ აქებს თუ ბრძენნი შეკრბენ ათისა

504. ხანი გარდახდა, მოვიდა დღე აღსასრული მეფისა; დაწვა ლოგინად, დავარდა, მას მაჯა აღარ ჩქეფისა; თქვა: “ჩემი ასრე დაცემა, ვიცი ამ სოფელს ეფისა, აწვე სარიდან მამგვარეთ, ანდერძი ვჰკადრო კრეფისა.”

აქა პირველი ანდერძი ტარიელისა თავის შვილს თანა

505. ღმერთს ერთ ქალ-ყმანი მიეცა, ოთხმოცდაათ წელ-ხანია; შვილი კარგა სჯობს მამასა, ერქვა მას სარიდანია, ქვეყანა იმას ეხვევის, სრულთა ინდოთა სპანია. მისთვისა უნდა სამეფო, პირველად მის მაქანია.