ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

545. თქვენცა მშვიდობით, მშობელნო, აწ ჩემთვის ჭმუნვით გასულნო, თვისნო ტომნო და ძმანო და შვილნო-ძენო და ასულნო, იარაღნო და მონანო, აწ ჩემგან სხვაგნით წასულნო, აწ მიიბარეთ, გლახ, სული, ზეცისა ძალთა დასულო.

546. ვამე დაისხნეს კავშირნი, არ მფეთქენ მე მაჯანია, ცუდ იქმნეს მკლავნი მაგარნი, ვა მტერთა მემაჯანია! მკლავნი, რომელსა ვერ მბრძოდა იგ დევი ქაჯ-მაჯანია, გამოისალმნეს, გაუშვა ქვე-მდგომმან ხორცმან ჯანია!

547. “უჩემოდ დაჭნი, ვარდო და იავო, ფერ-მკრთლად იყავ! ვით დამთმე, ლალო და ბროლო? ძოწო და სათო, რა მიყავ? კვლა იაგუნდი, ნავღელი, გატყდი და შუა გამიყავ, აწ მარგალიტი მჭირვალო, ნუ მტირ და ბაგე დაიყავ!

548. ჩემი გარდახდა სურვილო, რას გარგებს, რაზომც ინანო! და მიადინეთ სისხლის რუ, გაწკრით, ვარდნო და მინანო! ჩემთანა ცისა მნათობნო, რანო და ანუ ვინანო, მზე მზეთა მოჰკვე მტიროდეთ, გულნო, კლდენო და რკინანო!

549. აწ ეს ვითხოვო ღმრთისაგან, სააჯოდ დიდად ძნელია, სადა არს ჩემი სავანე, მუნ განმინათლოს ბნელია, მისთა ელვათა მაკრთობდეს, არ მცხინვარე ყოს, ნელია. ანგელოზთ თანა ვფრინვიდე ვადიდო ჩემი მხსნელია.

550. სული, რომელი აწ ჩემგან ჩანს უტყვად დანასულები მუნ დაამკვიდროს, სადაცა ჰყვანან მართალთა სულები, შორს ქმნას ნაწილსა, რომელთა არს დამზრალ-დანასულები, რომელსა თიკნად უწოდენ, არს მარცხნით წანასულები.

551. აწ სააჯოსა ღმრთისაგან კვლა ვეღარ ვითხოვ აროსა; გლახ, სულსა დახსნას ბნელი და ნათლისა გზასა აროსა, მართალთა თანა შეჰრაცხოს, ზრდიდეს მართ ვითა საროსა, ედემს ბუნაგი აღუგოს, სამოთხეს დაამყაროსა.

552. აწ განიხვენით სატირლად, ტურფა რაც გვქონან ახლებნი, ოთაღნო მსგავსნი ედემთა, კარავნი ნაჭრნი, ნახლებნი, თავთა იცემდეთ მხარ-დახრით მონანი ჩევნნი ნახლებნი, ჩვენ დაგვმარხენით, შთაიცვით, წახვიდეთ რა შინა ხლებნი.

553. ესე წესია სოფლისა, საბჭოდ მცალს არ აწ ამისად, ამად არ გეტყვი, მიენდვნეთ არცა ერთისა წამისად, უწყალოდ ცვალის ჰაერი ტურფისა თვალ-წამწამისად, ბოლოდ უმუხთლოდ ვერ მორჩი, თუ თავიც წააწამისად.

554. ესე ისმინეთ ყოველთა დიდმან, მცირემან, მონამან.” თვით არ გეწიოს, რაც ავი სთქვა სხვათა დანაგმონამან, დარეჯანს ესმა ანდერძი, სრულყპ არ დანაბრკონამან, არე ვარდისა მელნის ტბამ აღელდა, მორწყო, მონამან.”

555. ანდერძი სრულ ყო, გარდახდა,ენავ დაიყავ პირო, და. ნესტან-დარეჯან მოსთქვმიდა, სისხლის ცრემლითა ტიროდა; იგიცა მოკვდა, არა თქვა: “სიცოცხლე დავაპირო და.” შვილნი ტიროდეს, შეიქმნა გლოვა, არ სტვირი ყვიროდა.

აქა კიდევ სხვა ანდერძი და სოფლის გმობა ტარიელისა და ნესტან დარეჯანისაგან

556. ჰგვანდეს დაბნელდეს თუ მზენი ან ერთგან ორნი მთვარენი; დიოდა მსგავსად ნილოსა მუნ ცრემლნი მონაღვარენი, ვნახე და დავჰკრთი სოფელსა და თავნი სხვაგნით ვარენი, ვთქვი, თუ :,,მივენდო ღმერთსა და ბრალინმცა აღუარენი.”

557. მტირალთა პირ-დახოკილთა მხართა იტვირთეს, აიღეს, იგ უსახონი მიჯნურნი თაბუთისაკენ წაიღეს, იარაღიცა ტურფანი მათნი მათთანა გაირეს, ცისა მნატობნი ტიროდეს, სული აროდეს დაიღეს.

558. მდუღარად ტიროდეს შვილნიცა, მათნი ძენი და ქალნია, მოსთქმიდეს: “მზენო, სოფელმან ვითარ მოგხადნა ყალანი? ოხრად უთქვენოდ ყოველნი ცეხე-ქალაქი, ყალანი! დაგვწვენ, ცეცხლისა გვერდების უწყალოდ ჩვენ აქ ალანი.”

559. ძე მამას მწარედ მოსთქმიდა, ცრემლი სდიოდა სალამე: “ვა, გაგეყარე, გმირო და დათხოვით მოგესალამე! თავს დაილეწა კაპარჭი, გული კლდე მაქვსო, სალა, მე ვა ჯავრნი შენნი, სოფელნო, მაჭამე კვლავ სამსალა მე.”

560. მაღორებლისა მუხთლისა სოფლისა წესი ბარ ესა; ყოვლთა მოაწევს ბოლოდ ჟამ ტკივილსა სალმობარესა; იგი სოფლისა ჯავარნი საფლავთა მიაბარესა, ზედა მიწანი მიყარეს, მინიჩბეს, მიაბარესა.

აქა კიდევ სხვა ანდერძი და სოფლის გმობა ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა, ტფილელის იოსების ნათქვამი

561. აწ მამისმინეთ ყოველთა სიტყვანი ანდერძისანი! “თუ ვიყავ მეფე ვითარი, ენას არ ძალ-აქვს თქმისანი; მაშინ მოგგონდე მოკვდავი, სულთ ბრძოლა ნახოთ სხვისანი. დაიხსნეს ხორცთა კავშირნი, ღონე არა აქვს ძვრისანი.

562. “სიყმის დროს ველთა, მინდორად მხეცთ ჩემგან ჰქონდა სვრანია; ხვარაზმთ მეფის ძე დავჰთრგუნე, აღარ აქვს ხელთა ძვრანია; როსტევანს უნდა შეპყრობა, ყმა მწივა, ოცდა-რვანია ხატაველთ როგორ დააჩნდა ჩემგან მათრახის კვრანია.