ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

602. რა მიიახლა სიკვდილად, დაუწყო ხდამა სულითა, ხელთა იხრიდა, კრთებოსა სიტყვითა დამასულითა, თქვა : “ვეღარ მიხსნა ძმამან და ვერცაღა დამა სულითა, მუნ შემიწყნაროს, რომელმან მიწა ადამა სულითა.

603. რაზომც გამეფდა, ცად ვინ თქვა კაცი შთამოსრულ ან ასულ, ცუდია აქა დიდობა, ვარდი აწ მეც ვჩან დანასულ, უხვაიშნოა ესე დღე, ძე რაღას მარგებს ან ასულ, მიწა მიიქცეს მიწადვე, ხორცი მოკვდების, განა სულ!

604. სიჭაბუკისა ყვავილი დაჭნა, ჩანს ავად ვარდია; პირველ მტერთ ზედა საიმაღლით ვსჩნდი ორბებრ მონა ვარდია; აწ წაველ მგზავსი გმირსა და ფერად მინა-ვარდია, თანა წამამყევ, თინათინ, ცემს უკან ნუ დავარდია!

605. იგიმცა კაცი კრულია, ვინცა მიენდოს სოფელსა, მოლიზღარსა და მუხთალსა, სიცილით ჰკოცნით სოფელსა, პირველ სიცოცხლის მქადესა, ბოლოდ უარის მყოფელსა, მუნ დამკარგავსა კაცთასა, აქაც ხან-დაუყოფელსა.

606. შეიწყნარენით, ნაარსნო, მცნებას გასწავებ არ ავსა; ნუ მოჰყოლიხართ სოფელსა, ნიავსა ქარსა არავსა; მუნ იუნჯებით, სად ღმერთი დასდგამს სიმართლის კარავსა, სადა ვერ უკბენს მღილი და ძალ-უც პარვა მპარავსა.

607. მიჯნურობისა სახმილმან დამწვა მძლავრ ანაგზემან და; მზე მოვჰკვდე, თავის გამოღმა შენ დამიტირე მზემან და; სხვამ ჩემოდნიბა ვერა ქნას ყოველმან მონაზემან და, ცავ, შთამოიქეც მნათითურთ, აწ რადღა ჰყოვნი ზე მანდა?

608. მტიროდით თქვენთვის დამწვარსა, მიჯნურნო, ჩემთვის ურვილნო. გამზრდელნო, თქვენცა გაზრდილნო, ტურფად ისპანო, ჭურვილნო, ხასნო აზიზად ნანახნო, თავნო ნაზობით ბურვილნო, სულთქმით მამთქვემდოთ, ბაგენო და უბანებით, სურვილნო!

609. თინათინ, პირველ სურვილი პირის შენისა ამარე. აწ ლომმან თავი გამარა და მზეო შენ მასამარე, აქა ნარბენთა სწორად ვლოთ, უიცი იგიც სამ არე, ერთად წავიდეთ, აჰა მზა ჩვენთვის თაბუთი, სამარე.”

610. უჩემოდ დაჭნი, ვარდო და იაო ფერ-მკრთალად იყავ ვით დამთმე, ლალო და ბროლო, ძოწო და სათო, რა მიყავ? კვლავ იაგუნდო, ნავღელი გატყდი და შუა გამიყვა აწ მარგალიტო მჭვირვალო, ნუ მტირ და ბაგე დაიყავ.”

611. ჩემი გარდახდა, სურვილი, რას გარგებს რაზომც ინანი, და მოადინოთ სისხლის რუ, გაწკრით ვარდნო და მინანო. ჩემთანა ცისა მნათობნო, რანო და ანუ ვინანო, მზე მზეთა მოვკვე, მტიროდეთ, გულნო, კლდენო და რკინანო.

612. “აწ ეს ვითხოვ ღმრთისაგან სააჯოდ დიდად ძნელიო; სადა არს ჩემი სავანე, მუნ განმინათლოს ბნელია; მისთა ელვათა მაკრთობდეს, არ მცხინვარე ყოს ნელია, ანგელოზთ თანა ვფრინავდე, ვადიდო ჩემი მხსნელია.”

613. “სული, რომელი აწ ჩემგან ჩანს უტყვად დანასულები, მუნ დაამკვიდროს, სადაცა ყვანან მართალთა სულები, შორს ქნას ნაწილსა, რომელთა არს დამზარდ დანასულები რომელსა თიკნად უწოდენ, არს მარცხნით წანასულები.”

614. ამ სააჯოსა ღმთისაგან კვლა ვეღარ ვითხოვ აროსა, გლახ სულსა დახსნას ბნელი და ნათლისა გზასა აროსა; მართალთა თანა შერაცხოს, ზრდიდეს მართ ვითა საროსა, ედემს ბუნაგი აღუგოს, სამოთხეს დაამყაროსა.”

615. “აწ გაახვენით სატირლად, ტურფა რაც გვქონან ახლებნი, ოთახნი მსგავსნი ედემთა, კარავნი ნაჭრნი, ნახლებნი, თავთა იცემდით მხარ დახდით მონანი ჩვენნი ახლებნი. ჩვენ დაგვმარხენით, შთაიცვით, წახვიდეთ რა შინა ხლებნი.”

616. “ესე წესია სოფლისა, საბჭოთ მცალს არ აწ ამისად; ამად არ გეყტვი, მიენდეთ არცა ერთისა წამისად; უწყალოდ ცვალის ჰაერი ტურფისა თვალ წამწამისად. ბოლოდ უმუხთლოდ ვერ მორჩი, თუ თავიც წააწამისად.

კიდევ სხვა ანდერძი ავთანდილისა, რომელი თქვა ჟამსა სიკვდილისასა ტფილელის იოსების ნათქვამი

617. ავთანდილ გკადრო, მისმინეთ სიტყვანი შესაწუხანი: ვინ შავარდნისებრ ვფრთოსნობდი, აწ მამხვდა თვალთა ჭუხანი დაჭნა შვენების ყვავილნი, აღარ მაქვს ფახი-ფუხანი, წახდა სიყმისა აერი, გაცუდდეს ეკალ-მუხანი.

618. ჩემსა ნახვასა ნატრობდეს სრულად არაბთა არები, ვით გამომიჩნდა მეფესთან მე ჩემი მშვილდ-ისარები, ტარიელ ვნახეთ, დავეკრთა, ძებნით არ ვიყავ მზარები, ვიპოვე, სადა დევთათვის წაერთო ქვაბთა კარები.

619. წაველ ვისთვისცა ხელ იყო, ვძებნე გლახ მარტო თა ვითა, გზაზე მეკობრე ამიჩნდა ხომალდ-კატარღა ნავითა, იგიც დავჰხოცე, ჩაჩნაგირს რა უყავ ჩემის მკლავითა? ტარიელს ქაჯეთს მოუძეხ, არ ვიყავ მათზე ზავითა.

620. არაბთ ქვეყანას გავმეფდი, ქვეყანა მექმნა მუდარა, სამჯერ ტარიელს უშველე, მის მტერთ ვახმარე სუდარა, ლხინით ვიშვებდი, შექებმან ჩემან მრავალთა უდარა, აწ ხორცმან მთხოა მშვიდობა, საფლავსა დაიბუდა რა.”