ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

393. ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დართო ნება. ამა ზედან მოიხედნეს, ხევით ესმა ჩხაპუნება; მთვარე წყალსა გამოსრული ვნახე, შუქთა მოფინება, უკურიდეს, აღარა ქნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

394. ქალმან უთხრა: “ყმაო ღმერთმან, მოგცა, ჟამად რაცა გინა, მაგრა თავი უჩინო ჰქმენ, დამალული იყავ შინა; იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ-ა; თუ ვითა რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”.

395. ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან დამალვით მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ჰშვენოდა კაპარჭ-ხრმალითა, ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა, ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

396. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან; შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან, დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

397. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები. მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები; მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები, სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

398. მან ქალმან ხელყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა. ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა; მიუპყრა, ერთი აჰხლიჩა, ქნაა საქმისა ძნელისა, ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

399. ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი; შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი, იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი. ცალ-კერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.

400. “რად დაბრუნდი?” მოახსენა, “მითხარ, რაცა წაგეკიდა!” მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩვა მარეკი, და.

401. “სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე: არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე; მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე. თქვა: ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე”.

402. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ას-ნაკეცნი, ბევრის-ბევრად; მოახსენა: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად, მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ლევ რად?

403. “ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია. ერთი კაცი შემაქცევლად შენად ვითა დაგელია? გიახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია; შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?”

404. უბრძანა: “დავო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა, მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა! ვის ძალ-უც პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ- მოსრულისა? ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.

405. “ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა რადმცა კაცი რად დაბადა, სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა? შენგან კიდე ხორციელი, დავო, მივის არასადა”.

406. ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია; რათგან, ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ უკეთესი, რაცა საქმე გამიცდია. არა ვარგა უსაზომო, ზომსა თავი გარდგიხდია”.

407. მისი მძებლენი იყომცა ჭკუვითა მეტის მეტითა; შენ კაცთა ნაცვლად ნადირთა ახლავ გულითა რეტითა; სჯობს, ერთი კაცი იახლო, ილხენდე მისით ჭვრეტითა. ვით იადონი არ მოჰკვდე ბულბული თესლთა კვნეტითა.“

408. ყმამან უთხრა: “რას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე. კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე! ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე”.

409. ქალმან კვლა ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა, იგი გიახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა; ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ, სავნებლისა ვნებითა”.

410. უთხრა: თუ დაო, არა ვარ სულ ცნობა- დაკარგულია, მიჯნურობისა შმაგობით ხელთა არა მაქვს გულია მაგრამ ცოტაცა კვლავ ვიცი, რაცა რამ საკარგულია, ვინ ღირს-ა კაცი გამოჩნდეს ჩემებრ თავ- დაკარგულია.

411. მოახსენა: ვპოვე ვინმე მიჯნურობით გამოჭრილი, შენად ძებნად წამოსრული, დიდთა ჭირთა გარდახდილი; დაუგდია მისი მთვარე, ამად ქნილა ფერ- მიხდილი; ნახო, აწცა ეკადრების მზისა შუქთა მისგან ცილი.

412. მან უბრძანა: “თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ, სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ, არას ვუზამ უგემურსა, არა ოდეს გავამწარებ; რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ”.