ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

468. შეიქმნა სმა და პურობა, მზგავსი მათისა ძალისა; სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა; – ჯამი და ჭიქა ყოველი ფირუზისა და ლალისა – არ ვისი ჰბრძანა მეფემან არცა გაშვება მთვრალისა.

469. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა; არ შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა; კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა; რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!?

470. დააგდეს მღერა მუტრიბთა, “ჰსულეთო!” თავი ჰხარიან; მიბრძანეს: შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან; ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან; მართალ არნ შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან!

471. აწ თუცა გვმართებს შემოს, ვის მორჭმით მოგივლენიან, არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით, – ტურფად გშვენიან; აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან; თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან.”

472. კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა; კვლავ გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა; დედოფალი წამოვიდეს, შეეყარა მწუხრსა დღე რა; ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.

473. ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა; საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა; ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა; მეგონებოდა, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა.

474. მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მან მართალიო: “თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო.” მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალიო; მოვიდა, ვნახე ასმათი ჩემთანა მომავალიო.

475. მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად; აღარ მივუშვი – ვაკოცე – ქმნად-ღა თაყვანის-ცემისად, ხელი მოვკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად; ვკითხე თუ: “ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად?

476. მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურად მეუბნებია!” მითხრა თუ: “გკადრებ ამბავსა, – აწ ჩემგან არ-სათნებია. დღეს ერთმანერთი გინახავთ და ტურფად მოგწონებია, აწ კვლაცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია.”

XII წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი

477. წიგნი მომართვა – ჩავხედენ – პირისა თემთა მთენისა; ეწერა: “ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა; ომ-გარდახდილი შვენოდი, შენატევები ცხენისა; არ-ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

478. ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა, შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა; მზემან ლომსა ვარდ-გიშერნი ბაღი ბაღჩად უშენოსა, – შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა!

479. თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო; ამას იქით ნუღარ სტირი, ჭირსა თავი არიდენო; შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო; რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.

480. იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს, რა მნახო, შენცა გიამოს, შენეულითა მშვენოდეს; ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გაღაგვლენოდეს, – ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს.”

481. აქა მხეც ქმნილი ტარიელ სტირს, ჭირი ეათასების; სთქვა: “მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!” იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების, პირსა დაიდვა, დაცაბნა, ქვე მკვდართა დაესახების.

482. ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა, ორგნით სჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა; ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა, კვლავ წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

483. ავთანდილსა სულთქნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა; ასმათ ვამი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ჰხვრიტნა; მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა; სთქვა: “ცოცხალვარ, საწუთრომან აწცა ჩემი სისხლი ჰხვრიტნა”.

484. ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად. ვარდი სრულად შექმნილ-იყო ზაფრანად და ვითა სპეტად, დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად, დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

485. ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა მიძს თუცა ხელისა, გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა; ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა, მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა! –

486. ასმათის ნახვა მიამა, ჩემგან დად საესავისა; წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა; მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა, იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა”.