ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

546. ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე; თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე, დღედ სიკვდილამდი შენიცა თავი არ მაახლებინე!”

547. მე შევუთვალე: “მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა! მაგრა, ვით იცით, ხელმწიფე ჰხამს მქმნელი სამართალისა მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა.

548. იცი, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია! ერთიღა მე ვარ მემკვიდრე; ყველაი თქვენ მოგხდომია, ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; სამარლით ტახტი უჩემოდ არავის მისახდომეა!

549. ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ მართალია: ღმერთმან არ მოგცა ყმა-შვილი, გიზის ერთაი ქალია, ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია? სხვა მეფე დასჯდეს ინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხრმალია?!

550. შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე, ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა აღმოვფხვრიდე; სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!”

XIV ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა

551. ესე კაცნი გამეგზავნეს, გონებასა გავეშმაგე; რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე; მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე, მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.

552. გამოჩნდეს ორნი ქვევითნი, მე მივეგებე წინარე; ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანმცა, თუ მოღმა ვინ არე: თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლ-ჩამომდინარე; აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე.

553. იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა; შორით ვუხმე: “რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?” მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა; მითხრა: “ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოჰგრაგნა!”

554. ახლოს მიველ, კვლაცა ვკითხე: “რაშიგან ვართ? თქვი მართალი!” კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი, დიდხანს სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი; მკერდსა წითლად უღებავდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.

555. მერე მითხრა: “მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე, მაგრა, ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე: ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე; დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე.”

556. მიამბო: “ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა, მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა, შენ დაგიზახა, მიხმეო, ხმა-მაღლა გახმამყივარდა; მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა.“

557. “ჰკადრეს: აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან.“ მეფე ჰბრძანებს: “ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგიან; მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ჰნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.

558. აწ თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა; მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა; მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა? თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო, მისად პატიჟად მზად ესა.”

559. მის მეფისა წესი იყო, თავი მისი ძვირად ჰფიცის, და თუ ჰფიცის, არ გასტეხის, მასვე წამსა დაამტკიცის, ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

560. დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან: “თავი ჰფიცა ძმამან, შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან;” მან ეგრე სთქვა: “უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან, ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგივ ერმან.”

561. პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს; შენეულივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს; დავარ მოთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსენოდეს: “ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ, ვეჭვ, შენცა, არა გლხენოდეს!“

562. როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე, ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე! არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქნევინე! აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე!

563. ხელი მიჰყო, წამოჰზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა; მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულ-ჰთქმნა, ოდენ უშნა; ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა.

564. რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოიღეს, ეუბნეს არ აჯებითა, მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.