ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

409. გვერდსა დავისხენ ვეზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით; მითხრეს თუ: “ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ გლახ ენით: არიან მეტად მუხთალნი, ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, არამცა მოგკლან ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

410. ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გვეკიდენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა; გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღვთითა და ცითა; არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა, კვლავ და კვლა ცითა”.

411. მეკეთა ესე თათბირი, ვეზირთა ნავეზირები; შევთვალე: “რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები; სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვითკირები: ლაშქართა დავყრი, ცოტათი წამოვალ, შენ კერძ ვირები”.

412. მათ ლაშქართაგან სამასი კარგნი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს, წაცაველ, დავყარენ სპანი ყველანი; დავვედრე: “სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მომდევდით, მიშველეთ; გიხმობ, თუ მინდენ შველანი”.

413. სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა, კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა; ებრძანა: “მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა; რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღნობა ამისთანისა”.

414. კვლაცა ეთქვა: “მართალია ეზომ ჩემი მონახსენი, მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი.” მოახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანება ვქმენ მეცა თქვენი, ტკბილად ვნახეთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი”.

415. მუნით წასული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა; კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა; წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოჰზიდვიდესა: “შენსა ნახვასა მეფენი – სთქვეს, – მართლად ინატრიდესა”.

416. მითხრეს: “მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები, სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები”. მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები, მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვნეს ვით მაყრები.

417. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წარხდების: ერთი კაცი უკმორესწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების: “დიდი მაძსო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების, გაწირვა და დავიწყება ჩემგან შენი არ იქმნების.

418. მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი; თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი; მკვდარი მიმძიმს სანახავად, ტანი მჭევრი, პირი ვარდი; ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი.

419. რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ. ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ; კვლა სხვაგან გიდგს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ; აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.

420. მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან; მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან; კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან; რა ერთსა გცემენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან.”

421. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია: “რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია; აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა მიდია; თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია”.

422. არვის გავენდევ სულ-დგმულსა, დავმალე ვითა ჭორია; რაცა იქმნების, იქმნების, – ყოვლი თათბირი სწორია; მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცნი, გზა თუცა შორია, შევსთვალე: “ფიცხლად წამოდით, მოჰგრაგნეთ მთა და გორია”.

423. მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე; რამაზს ჰკადრეთ: “მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე!” ნახევარ-დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე; განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე!

424. ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე; ვთქვი თუ: “მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა მახე, ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბი ახე.” მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე;

425. ვთქვი თუ: “ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან, მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან! ვინცა მოჰკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას ჰრბიან; აწ შევებნეთ ხატაველთა, ხმალნი ცუდად რას გვაბიან!”

426. ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყვითა ხაფითა; დავეკაზმენით საომრად ჯაჭვით-ჯავშანითა, ქაფითა; რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წაველ დიდითა სწრაფითა; მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხმალმან დაფითა.

427. მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა; კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა; ეთქვა თუ: “ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა, აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა.”

428. შევსთვალე თუ: “მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია; თქვენ რასაცა თათბირობდით, არ იქმნების, არ იგია; ჰბრძანეთ, მოდით, შეგვებენით, ვითა წესი და რიგია, მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია”.