ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

506. ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული, არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული; ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული; მერმე წამოსჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, განრისხებული.

507. მიბრძანა: “მიკვირს, რად მოხველ მშლელი პირისა მტკიცისა, გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა; მაგრა ნაცვალსა პასუხსა მიგცემსო ზენა მის ცისა!” ვკადრე: “რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უვიცისა?”

508. ვთქვი: “პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვცნობ მე მართალსა: რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა.” კვლავცა მითხრა: “რას გეუბნო მტყუანსა და შენ მუხთალსა! დიაცურად რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა.

509. შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?! შენ ჯდომილხარ სავეზიროდ, შენი რთულა ამას ნება, შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება; ღმერთმან ჰქმნას და დაგაჩნიო ცუდად შენი ხელოვნება!

510. გახსოვს, ოდეს ჰაჲ-ჰაჲ ჰზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს, მკურნალნი და დასტაქარნი წამალსა-ყე მოგიტანდეს? მამაცისა სიცრუვესა ნეტარ სხვანი რამცა ჰგვანდეს! რადგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

511. ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოდ ვლიდენ, თუნდა გზეთსა! ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარხარ მოსაცეთსა; აზრნი შენნი შენვე გგვანან მტყუანსა და შენ აგეთსა!

512. ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო; თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო! სხვა ჩემებრივ ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!” ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულ-ჰთქმა, აჰ ჰყო.

513. სთქვა: “რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად, კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად; აწ დავკარგე; რად არ გიკვირ, რად ცოცხალვარ, რად ვარ რეტად? ვაჲ, სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად!

514. შევხედენ, ვნახენ სასთუნალს მუსაფი გაშლით მდებარე, ავიღე, ავდეგ მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე, ვკადრე თუ: “მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე; რადგან არ მომკლავ, პასუხი ერთიღა გკადრო მე ბარე:

515. რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია, ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყველა ჩემთვის ნაშუქნია! თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქნია.“ მან მიბრძანა: “რაცა იცი, სთქვიო,” თავი დამიქნია.

516. კვლაცა ვკადრე: “მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს, ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს! ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს! მაშა მაშინ როგორ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს!

517. მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შეჰქმნეს დიდი ვეზირობა; მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა; დამეშალა, – ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა; თავსა ვუთხარ, მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა.

518. მემცა დაშლა ვითა ვკადრე, რადგან იგი ვერ მიმხვდარა, არ თუ იცის, ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა! ერთი მე ვარ მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა, ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა.

519. ვთქვი: – ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო; თავსა ვუთხარ, – ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო! მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო, ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო?!”

520. სულსა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა; იგი წვიმა დარენელდა, რომე პირველ ვარდი აზრა; ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა; მიბრძანა თუ: “ეგე საქმე მემცა მართლად რად მიაზრა?!

521. არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა, უარის-ქმნასა ღმრთისას, ამისთვის არ მადლობასა; იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა, მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა! ”

522. მე ლმობიერად, მომიტკბა გამწყრალი, გამქისებული; ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული; ახლოს დამისვა – დამიტკბა – აქამდის არ ღირსებული, მეუბნებოდა: „დამივსო ცეცხლი, ამითა გზებული!“

523. მიბრძანა თუ: “გონიერი, ჰხამს, აროდეს არ აჩქარდეს, რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს; თუ სასიძო არ მოუშვა, ვაჲ თუ მეფე გაგიმწარდეს, შენ და ისი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაჰქარდეს;

524. კვლავ თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ, ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეული გაგვიფლასდენ, მათ მორჭმულთა მოგვივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ; ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ.”

525. მე ვკადრე: “ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა; რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა, ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა: ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარა არ სახმარობა.”