ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

448. წიგნი დავწერე “მეფეო, სვემცა არს თქვენი სვიანად! მე ხატაელთა მიმუხთლეს, თუცა მათ ეცა ზიანად; ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად. მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად”.

449. რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე, წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე, ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე, მოვირჭმენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ რე.

450. ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია. ინდოეთს მიველ, მეგემა ჩემი გამზრდელი ტკბილია; რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია; ხელი გამიხსნა, შემაკრა მან სახვეველი ლბილია.

451. დგანან ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა, საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა. მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა. მიალერსებდა, მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა,

452. მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით; დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით; მეფემან ბრძანა; “ლაშქარნი უხმენით, შემოჰჯარენით, დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით”.

453. რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე. ტკბილად ჰნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე. ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე, – ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიმგულვანე.

454. მას მეფესა ხატაველსა უმასპინძლა, უალერსა, ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა. ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა: “შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?”

455. შეკადრე: “ღმერთი ვინადგან შეუნდობს შეცოდებულსა, უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-დაცუდებულსა”. რამაზს უბრძანებს: “იცოდი, გაგგზავნით შეწყალებულსა, მაგრა ნუ გნახავთ კვლამცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა”.

456. “ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია, კვლავ ხატაური ათასი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია. მერმე ყველანი დაჰმოსა იგი და მისი ხასია, შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.

457. “ხატაველმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა; მოახსენა: “ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა: თუღა ოდეს შეღაგცოდო, მაშინ მომკალ მეცა განა!” წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა.

458. მოვიდა კაცი მეფისა; – ცისკრობს, არ დანაღამია – ებრძანა: “ რა შენ გაყრილვარ მას აქათ თვეო სამია, მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია; არ დამამშვრალხარ, წამოდი, თუცა დაშვრომის ჟამია”.

459. შევეკაზმე, დარბაზს მიველ, დამხვდა ჯარი ავაზისა, შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა; მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მზგავსი მზისა, გაეხარნეს მისვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა.

460. იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: “ომით მოსული ტარიელ საჭვრეტად სასურველია, მან განანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია; რაცა დაგვედრო საქმნელად, ჰქმენ, – არა საზოზღნელია.

461. აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა სცან ესე მცნებული: რადგან ქალია სამეფო, ჩვენგანვე სახელ-დებული, ვინცაღა ჰნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე, ედემს ხლებული; გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული”.

462. მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა; იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა; ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა; აღარ იბურთეს, დაშლა ჰქმნეს თამაშობისა ორისა.

463. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი. ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი; ფერ-მიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი; ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის: მართლად არს, არ კატაბანი.

464. რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაველთასა, იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა; მეფე გარდაჰხდა, დარბაზთა შევედით ჩემთა მზრდელთასა; შევხედენ – დავკრთი – ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა.

465. მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის ფერნი ჯუბანი, ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი; სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი; მუნ ვარდსა შუა ჰშვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.

466. ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება; დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება, ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება; მითხრა: “ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შეღაგება”.

467. ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მიამებოდა. პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა ჰკვდებოდა; მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა; თვალნი მოვსწყვიტნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.