ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

603. მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ჰზმიდიან, აჯათა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან; მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან, გვითხრობდეს: “მკლავთა თქვენთაგან ჯერდ მათნი სისხლნი მიდიან!”

604. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ მეფობით, თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყველასა სეფობით; დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვერ ოდეს ვარდის მკრეფობით; ჩემი ვერ სცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით.

XVII ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა

605. დღესა ერთსა მე და მეფე ნადირობას გამოვედით, ზღვასა ზედან წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით; ფრიდონ მითხრა: “გითხრობ რასმე, ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით, ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით”.

606. მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა: “დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა; – ზღვათა შიგან იხვსა ჰგვანდა, ხმელთა ზედან შავარდენსა – აქა ვდეგ და თვალ-ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.

607. “ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა; ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა; ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ-აქვს მისსა სწორსა; ვერად ვიცან, გავეკვირვე გონებასა ამად ორსა.

608. ვთქვი, – რა არის, რას ვამზგავსო, მფრინველია, ანუ მხეცი? ნავი იყო, გარს ეფარა სამოსელი მრავალ-კეცი; წინა კაცნი მოჰზიდვიდეს; თვალი ამად დავაცეცი, მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასცა ვეცი.

609. “ამოძვრნეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი; ქალი გარდმოჰსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი; მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი! მან განანათლოს ქვეყანა, გაცუდდეს შუქნი მზისანი!

610. სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, დაცამლეწა, იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თვალსა იახეწა; დავაპირე შეტევება, ვთქვი, – წავიდე მათკენ მე წა; ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!

611. ცხენი გავქუსლე, იქმოდის შამბი ხმასა და სრიალსა; ვეღარ მივუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვცემდი წრტიალსა; ზღვის-პირსა მიველ, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, გამშორებოდეს, წამსვლოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა.”

612. ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე, ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე, ჩემთა ღაწვთა დანადენი, მე ჩემივე სისხლი ვიცხე; – მომკალ, თუცა უჩემოსა ენახამცა ვისცა ისც ხე! –

613. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, მეტად ეუცხოვა, მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა; ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა. თვალთა, ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოჰთოვა,

614. ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად მცდარმან შმაგად!” მოვახსენე: “ნურა გაგვა, ნუ ინაღვლი მაგას მაგად, იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად; აწ გიამბობ, რადგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად.”

615. ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი ჩემი, თავსა გარდასრული; მან მითხრა თუ: “რას ვიტყოდი მოცდომილი, გაბასრული! შენ მაღალი ინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ მოსრული, სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული.”

616. კვლაცა მითხრა: “ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს, მას ლახვარსა მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს, იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს, ჭირსა ლხინად გაგვიცვალებს, არა ოდეს შეგვაწუხებს.”

617. წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა; ფრიდონს ვუთხარ: “ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინა; ვითა ღმერთმან შენი მზგავსი სოფლად არა მოავლინა, მაშა რადგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა.

618. არავინ გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად, ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად: რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად? თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერ-დამყოფელი წამისად.”

619. მან მითხრა: “ბედი ღმრთისაგან მიჯობს-ღა ამას რომელი: მოსულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი?! მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მდომელი? ერთი ვარ მონა მონებად, წინაშე თქვენსა მდგომელი.

620. ესე ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა, შემომკრეფელი ამბავთა უცხოთა რამე მრავალთა; აქა მოგვესმის წამალი, შენ რომე დაუწვავ ალთა. ნუთუ ჰქმნას ღმერთმან გარდახდა მაგაა ჭირთა და ვალთა!

621. ჩვენ გავგზავნნოთ მენავენი, რომელთაცა კვლა უვლია, მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გვაკლია; მუნამდისცა მოიჭირვე, გონებამან არ დაგლია, ყოლა ჭირი არ ეგების, თუცა ლხინმან არ დასძლია.