ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

371. ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა;” ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა,– “ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა”.

372. ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს; ლხინმან ბნელი განმინათლა; დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს; შეველ, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა ჰსმიდეს; მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”.

IX წიგნი ტარიელისა ხატაველთა თანა მინაწერი და კაცის გაგზავნა.

373. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემ მაგიერი; მივსწერე: “მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი; მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი; ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ მადლიერი.

374. ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით, ესე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით; თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით; სჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით.”

375. კაცნი გავგზავნე, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები; დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები; მაშინ სოფელმან საწუთრომ მიუხვის, რაცა ვინები; აწ ხელ-მქმნა. რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

376. პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი, ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი; მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი: ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვი საწუთროსა გმობანი.

377. დღესა ერთსა საწოლს მოველ მეფისა სრით წამოსრული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული; წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული; კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული.

378. “მონააო ასმათისი”; საწოლს ვუთხარ შემოყვანა; მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესვა გულსა დანა; ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა. წაველ, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

379. ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბარი; ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი; მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი; მოდი, ჰნახე ვარდი შენი უფრჭკვნელი და დაუმჭკნარი“.

380. ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა; შიგან სჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა; მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

381. დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა. ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა; ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა: “აწ წადიო, ვერას გითხრობს; მე კვლა მიმცა ალმან მურსა.

382. ასმათ გამომყვა, წამოველ, ფარდაგი გამოვიარე; ვთქვი: “საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე? გულმან გაყრისა სიძნელე კვლავ უფრო დამიტიარე!“

383. ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი; მითხრა: “ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დაჰხშე, სიხარულის კარი აღი; სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი.“

384. მე ვუთხარ: “დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა; ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა მშრეტდი ამ ალსა; ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა; თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე, შენგან არ დანამალსა.”

385. შევჯე, წამოველ, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოველ, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა, ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა.

386. ხატავეთს მყოფნი მოვიდეს, – მათგან მოსლვისა დრონია – სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: “არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია; ვინ არის თქვენი ხელმწიფე, ჩემზედა რა პატრონია?

X წიგნი ხატაველთა მეფისა ტარიელს წინაშე მოწერილი პასუხად

387. მოეწერა: “რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიელსა. გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა: რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვპატრონობ ბევრსა ერსა? ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენ მიერსა!”

388. ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია; იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოს ყველანი მართ ჩემკენ მონასხპანია; ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.