ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

429. რა მივიდა მოციქული, კვლაცა რადღა გამოგზავნეს! კვამლი შეჰქმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს; სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს; შეჰქმნეს რაზმი მრავალ-კეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.

430. შუბი ვთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად; საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად; ერთსა წავსწყდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად; მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.

431. ახლოს მიველ, შემომხედეს, შმაგიაო, ესე სთქვესა; მუნ მივმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა; კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა; შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, – ხმალო, ვინცა გლესა!

432. შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი; კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი; ერთობ სრულად ამოვწყვიტე წინა კერძო რაზმი ორი.

433. ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი: ვკრი რასაცა, ვერ დამიდგის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი; ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავკიდი; სითაც ვიყვი, გამექციან, მათ შეჰქმნიან ჩემი რიდი.

434. საღამო-ჟამს დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან: “ნუღარა დგათ, წაედითო, კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან: მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან, ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან!”

435. ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა, რა ეცნათ, წამოსულიყვნეს, ღამე წამორთვით ეარა, ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა, გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზეარა.

436. იგი ჰნახეს, გასაქცევლად გაემართნეს, შევკივლენით; ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით, რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხმლენით; მისნი სპანი ყველანივე დავიპყრენით, არ მოვკვლენით.

437. უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა, დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა! ძილისა მიჰხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა, ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა მართ ვითა სნეულთა.

438. მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად, ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა არ-ნაღებად; ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად; ვერ იტყვიან, ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად.

439. ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს! ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს; რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი, ამიტირდეს; ჩემგან ხრმლითა განაკვეთი ჰნახეს, მეტად გაუკვირდეს.

440. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე, ერთობ სავსენი მოვიდეს, თავი ვაალაღებინე, სისხლსა მძებნელთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე, არ ვბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად ავაღებინე.

441. რამაზს ვარქვი: “შემიგნია საქმე შენი სამუხთალე, აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე, სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე, თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავთვალე!”

442. “რამაზ მითხრა: “აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე, ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე, ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე, – ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე”.

443. მივეც ერთი დიდებული, თანა სპანი წავატანენ; ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ; ხელთა მომცეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ, საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგვანენ!

444. მაშინღა შეველ ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად; კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად; ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: “იყვენით თქვენ უკრძალავად, მზემან არ დაგვწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად”.

445. საჭურჭლენი გარდავნახენ თავის-თავის, კიდის-კიდე, უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე; ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე; თუმცა ჰნახენ, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე.

446. ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად. ვისცა ვუჩვენე, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად, არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არ ორხაულად, სიმტკიცე ჰგვანდის ნაჭედსა; ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.

447. იგი საძღვნოდ მისად დავდევ, ვისი შუქი მანათობდა, მეფისათვის დავარჩივე საარმაღნოდ რაცა სჯობდა; ჯორ-აქლემი ათჯერ ასი – ყველაკაი წვივ-მაგრობდა – დატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა”.

XI წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფისადმი ოდეს გაიმარჯვა ხატაველთა ზედა