ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

353. გულსა ვარქვი თუ: “ლახვარნი ეგრე ვით დაგაღონებენ? ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებენ; აზრად შეიქმენ, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ; თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.

354. “კაცი მოვიდა მეფისა, – სწადსო, ამბისა სმინება; მოყვანა ვუთხარ, ებრძანა ქმნაცა სისხლისა დინება. მე ვკადრე: “ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება; წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება”.

355. დარბაზს მივე მეფე ჰბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქმ, აბა”! ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა; შესჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა, მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: “შაბა, შაბა”!

356. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი; მეფემან გასცა მრავალი თვალი, ღარიბად ქებულნი: აუვსებელნი არ დარჩნენ მას დღესა მათნი ხლებულნი.

357. ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად; შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

358. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი; ქალი ვინმე იკითხავსო: “ინახვისცა ამირბარი?” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი. ვარქვი: “საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი”.

359. ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად; “შადი, – ვუთხარ – ნუ ადგებით, მოვალ ხანსა დაუზმელად;” გამოვე და საწოლს შეველ, მონა დადგა კარის მცველად; გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.

360. კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანი მცა; მითხრა: “მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულა რამან ღირსმცა!” გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა! ვთქვი: “არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ჰზისმცა!”

361. მითხრა: “დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა: გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა; მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისა-ღა მალობა; ამას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა.”

362. ადგა, მითხრა: “თქვენსა მკრძალსა ჩემგან ცნობა უბნევია; ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია; ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია.”

VII წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსადმი მიწერილი პირველი.

363. წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა; მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა; აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა.

364. ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია: ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია.

365. შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია; ძუღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

366. მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე? მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე”.

VIII წიგნი ტარიელისა საყვარელთანა პირველად მიწერილი.

367. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია, პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია”.

368. ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები; ესე ჰკადრე,– მზეო, რათგან ჩემთვის ნათლად აღმოხდები, აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები; რაცაღაა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები”.

369. ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს, – ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს: ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს; დამცავედრა, ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

370. მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა. მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა; მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.