ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

389. ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა; აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.

390. ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა, თავსა ვტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა!”

391. შინა მიველ, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, – თვალთა, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა, – “ბედი ჩემი უბედური, ვთქვი, ჯერთცა ვერ გამეფდა! ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა!”

392. მონა შემოდგა, – მივეცი საქმესა გაკვირვებულსა – ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა. ეწერა: “გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა, მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა.”

393. ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო! შეღამდა, წაველ, ბაღისა მე კარი შევიარეო; სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო; სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”.

394. შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა; გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა, ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

395. შევე, წავდეგ ნოხთა პირსა; მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად; გულსა ბნელი განმინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად, მას ბალიში შემოეგდო, – მზისა შუქსა სჯობდა მეტად – ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამის ჭვრეტად.

396. “უბრძანა თუ: “მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!” მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა; დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა. მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!

397. მიბრძანა: “ძუღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა; დაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, მაგრა ჰხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

398. თუცა ჰმართებს დედა-კაცსა მამა-კაცის დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარეა არა თქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა. ძუღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

399. ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა! გეცრუვო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

400. წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე; ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე, მაგრა რა ვქნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე? გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე.”

401. “აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირსა; მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა; შენნი შუქნი შემომადგეს ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა; შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა!”

402. ზედან წიგნსა საფიცარსა შეჰვფიცე და შემომფიცა: – მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა – “უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა, ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთიცა!”

403. დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით; მერე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით; მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

404. მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ-ბალახშ-მინისა, მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა; ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა; აწ მიკვირს, მისი გამყრელი გული მიძს კლდისა ტინისა!

405. დილასა შევჯე, ვუბრძანე: “ჰკარით ბუკსა და ნობასა”; სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა; ლომმან მივმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს მხდლობასა; უგზოდა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

406. დავაგდე მზღვარი ინდოთა; მევლო პაშტაი ხანია, რამაზის კაცი მემთხვია; – ხატაეთზედა ხანია – მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: “ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი ინდოთა, თხანია”.

407. მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი; მითხრეს: “გკადრებს, – ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ საქმნელი, ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი; მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

408. რაცა შეგცოდეთ, შეგვინდე, თვით ჩვენვე შეგვინანია; თუ ღვთითა შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია; ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს, რისხვით არ დაგვტყდეს ცანია; შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია”.