ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

526. მიბრძანა თუ: “ჰხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად, დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად: რა მოვიდეს, სიძე მოჰკალ, მისთა სპათა აუწყვედლად; ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

527. ასრე ჰქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო, მიპარვით მოჰკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო, მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა, ვითა ვირთაო, დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო!

528. იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა; ჰკადრე თუ: “სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა, ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა, არ დამეხსნები, გაგიხსნი ქალაქსა ვითა ტრამასა!”

529. ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნურცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა; ჰქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკდომა, – ხელთა მოგცე თავი ჩემი, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა.”

530. ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა, ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხმლისა ქნევა; მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვე-ქვე წვევა; მწადდა, მაგრა ვერ შევმართე შემოჭდომა, შემოხვევა.

531. ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი; ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი; ჭირი ბევრჯერ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი; მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი.

532. მოვიდა კაცი: “სასიძო მოვაო”, მოსლვა გვახარა, მაგრა, თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა; მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა-რა; მიბრძანა, ახლოს მიმისვა, მოდიო, თავი დაჰხარა.

533. მიბრძანა: “ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია; გადავიხადოთ ქორწილი, ჰხამს ვითა დასასრულია; კაცი გავგზავნოთ, მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, – სიძუნწე უმეცრულია.”

534. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი; სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი; შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი; მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.

535. მეფემან ჰბრძანა: “მოჰკაზმეთ კარვითა მოედანია, გამოისვენოს სიძემან, დაჰყოს ცოტაი ხანია; მუნ მისდა ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია; შენ აქა ჰნახენ, ნუ წახვალ, – შენგან ესეცა კმანია.”

536. მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა; მოვიდა სიძე, გარდაჰხდა, – დღე ჰგვანდა არ აღვსებისა – შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა: დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად დას-დასებისა.

537. მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა, შინა წამოველ მაშვრალი, ქმნა მომნდომოდა ძილისა; მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: “ადრე მოდიო, გიბრძანებს მზგავსი ალვისა ზრდილისა.”

538. ცხენისაგან არ გარდავხე, წაველ, ფიცხლად დავმორჩილდი; ქალი დამხვდა ნატირები, ვკითხე: “ცრემლსა რასა ჰმილდი?” მითხრა: “შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავცილდი, გაუწყვედლად ვით გამართლო, რაგვარადმცა გავვაქილდი!”

539. შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე; – მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე – წავდეგ, მიბრძანა: “რასა დგი? დღე მიგიჩნს წინ საომარე; ანუ გამწირე, მიტყუვე და კვლავცა მოიმცდომარე?”

540. მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი; უკუ-ვყივლე: “აწ გამოჩნდეს, – არ მინდოდეს, ვისცა უნდი! ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!” შინა მოველ, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

541. ასსა ვუბრძანე მონასა: “საომრად დაემზადენით.” შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით. კარავსა შეველ; სასიძო ვითა წვა, ზარმცა თქმად ენით. უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა, თუცა ჰხმდა სისხლისა დენით.

542. კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე. ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე; წინა-მწოლთა დაიძახნეს, გლოვა მიჰხვდათ საარაკე, ცხენსა შევჯე, წამოცაველ; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

543. ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი; წამოველ, წევნა დამიწყეს, დავხოცენ ჩემი მდევარი; ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, მუნ შიგან შეველ მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!

544. კაცი გავგზავნე, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა: “აქა მომმართეთ ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა.” არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა, ჩემი რა სცნიან, სცევდიან თავებსა მათსა მრთელასა.

545. ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად; ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად; ებრძანა თუ: “ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?