ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

584. მამის ძმა და მამა-ჩემი პაპა-ჩემმან გაჰყვნა ოდეს, ზღვასა შიგან კუნძულია, – ჩემად წილად მას იტყოდეს – თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს; მათვე დარჩა სანადირო, – არ მივსცემდი, მომერჩოდეს.

585. დღეს გამოველ ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე, მუნა გასვლა მომდომოდა, მით მრეკელი არ ვახშირე: სპათა ვუთხარ: მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე! ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.

586. ნავითა გაველ, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა; არ მოვკრეფდი გამყოფთა, ვთქვი, – ჩემთა რად დავრიდო, და! დამიძაბუნდეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა, ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიოდა.

587. მართლად იჯავრეს, – წუნობა მათი თუ ესე ჰხმდა ვითა! – გამომაპარეს ლაშქარნი, გზანი შემიკრნეს ნავითა, თვით ბიძა-ძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა, ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა.

588. მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხმალთა ელვა, ნავი ვთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა, ზღვასა შეველ, მომეგება მეომარი ვითა ღელვა, სწადდა, მაგრა ვეღარა ჰქმნეს ჩემი ზედა-წამოქელვა.

589. კვლავ სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს; იქით და აქეთ მომიხდეს; ერთგნით ვერ მომერეოდეს, არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს; ხმალსა მივენდევ, გამიტყდა; ისარნი დამელეოდეს.

590. მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხტუნვე, ზღვა-ზღვა ცურვით წამოუველ, ჩემი მჭვრეტნი გავაცბუნვე; თანა-მყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს, დამრჩა მუნვე; ვინცა მდევდა, ვერ შემომხვდა, მივუბრუნდი, მივაბრუნვე.

591. აწ იგი იქმნას, რაცაღა ენებოს ღვთისა წადილსა; ვეჭვ ჩემი სისხლი არ შეჰრჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა! ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა, ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ ხადილსა!”

592. ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკენ მიმიბრუნდა; მოვახსენე: “აჩქარება შენი ყოლა არა უნდა! მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნდა! ჩვენ ორთავე მეომართა განაღამცა შეგვიძრწუნდა!”

593. ესეცა ვუთხარ: “ამბავი ჩემი არ გაგეგონების, უფრორე წვრილად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების;” მან მითხრა: “ლხინი საჩემო მაგას არ შეეწონების! დღედ სიკვდილადმდი სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების.”

594. მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა; გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა, პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა, ვით ნაფოტასა, ეხვეოდიან, ჰკოცნიან ხრმალსა და სალტე-კოტასა.

595. კვლავ მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი; შემასხმიდიან ქებასა: “მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!” მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი: ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი.

XVI შველა ტარიელისაგან ფრიდონისა

596. მოსჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა; დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა; კაცი ჰხმდა, მისთა მჭვრეტთათვის, – ღონემცა იაჯა რისა! – აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.

597. მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა; ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა; ფიცხლად ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა: ქუსლი ვკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვა!

598. კვლა სხვასა მიველ, მოვკიდე ხელი ნავისა ბაგესა, ზღვასა დავანთქი, დავხოცე, – ომიმცა რაღა აგესა! სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა; ვინცა მიჭვრეტდა, უკვირდა, მაქებდეს, არ მაძაგესა.

599. ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია; კვლავ შევიბენით, შეიქმნა ომისა სიმარცხენია; მუნ მომეწონა ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია: იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.

600. თვით ორნივე ბიძა-ძენი მისნი ხმლითა ჩამოჰყარა, ხელნი წმინდად გარდეკვეთნეს, იგი ასე ასაპყარნა, მოიყვანნა მხარ-დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაჰყარნა, მათნი ყმანი გაამტირნა, მისნი ყმანი ამაყარნა.

601. მათნი ლაშქარნი გაგვექცნეს; ვეცენით, გაცავფანტენით; ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით; ქვითა დავლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით; მომკალით, ლარი დაჰლიოთ ან აკიდებით ან ტენით.

602. ფრიდონ ჰნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა, თვით ორნივე ბიძა-ძენი დაპყრობილნი წამოასხნა, მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოჰღვარნა და ველთა ასხნა, ჩემი სთქვეს თუ: “ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!”