ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

565. ზღვათაკენ გავლნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა; დავარ სთქვა: “მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ და! ვირე მომკლევდეს, მოვკვდები! სიცოცხლე გასაწყინარდა.” დანა დაიცა, მოცაკვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.

566. “რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა! აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა, ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთა-დგმა დაუთმობელსა!” საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშობელსა.

567. მე ვუთხარ: “დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია? რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია! აწ თავსა მისად საძებრად მივცემ, სად კლდე და წყალია;” სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია;

568. მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომივიდა ცხრო და თრთოლა; გულსა ვუთხარ: “ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა, გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა. აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა”.

569. შეველ, ფიცხლად შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული; ას-სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული, წამომყვა და წაცავედით, კართა გარე დარაზმული; ზღვის პირს მიველ, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ცრემლი.

570. “ნავსა შევჯე, ზღვასა შეველ, ზღვასა შიგან გავალაგდი; არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი; მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გავეშმაგდი, რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვძაგდი.

571. რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა, მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა; თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა, ვთქვი თუ: “ღმერთსა ვერას ვკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყოცა.”

572. “ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა, გული სრულად გამიმხეცდა, არ ვუსმენდი არც ვეზირსა; ყველაკაი დამეფანტა, დარჩომოდა რაცა ჭირსა, – კაცსა ღმერთი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა!

573. ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი, ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი. მისნი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი, ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი.

XV ამბავი ნურადინ-ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღვის პირსა

574. ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა, აჩნდეს ბაღნი; ჰგვანდეს ქალაქს, ვიახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი; არ მიამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი; მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.

575. ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური; მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური: ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური; ველთა ცრემლი ასოლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.

576. ზახილი მესმა, შევხედენ, მოყმე ამაყად ჰყიოდა, შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული სტკიოდა; ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა; მტერთა ექადდა, სწყრებოდა, იგინებოდა, სჩიოდა.

577. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მყავს რომელი, მართ ვითა ქარი მოჰქროდა გაფიცხებული, მწყრომელი; მონა მივწივე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი; შევთვალე : “დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?”

578. მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა; ფიცხლა შევჯე, ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩავე წინა; ვუთხარ: “დადეგ, გამიგონე, შენი საქმე მეცა მინა;” შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.

579. გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: “შენ ასეთნი ხენი ვით ხენ!” მერმე მითხრა: “მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ: იგი მტერნი გამილომდეს, აქამდისი რომე ვითხენ, უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი გარ ვერ ვითხენ”

580. მე ვუთხარ: “დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა ხეთასა; არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა;” თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა; მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა.

581. ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა, ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა; მერე ვკითხე: „ვინ ხარ, ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა? „ საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.

582. პირველ მითხრა: “არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამსგავსო? ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო? რამან შექმნა მოყვითანოდ, ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო? ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიცა რად დაგავსო?

583. მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი, – ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს – მეფე ვარ მუნა მჯდომელი; ესე სამზღარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი; ცოტა მაქვს, მაგრა ყოველგან სიკეთე მიუწდომელი.