ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

XIII წიგნი ტარიელისა საყვარლისა თანა პასუხად

487. მივუწერე: “მზეო, შუქი შენიშენგან მონაფენი, გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე, სიალფენი; ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე, სიტურფენი; სულთა ნაცვლად სამსახური რამცა ვითა გიმუქფენი!

488. მაშინ ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე, აწცა ჩემთვის ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე; სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე, რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!

489. განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე; ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ჰპოვე; დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე; სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!”

490. ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა; მაგრა შევკრთი, – საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა; გამეღვიძა, აღარა მყვა, – სულ-დგმულობა მომეწყინა; ღამე ასრე გავათენე,, მისი ხმაცა არ მესმინა.

491. დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა, ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა; ვნახე ორნივე ერთგან სხდეს სახითა ოდენ სამითა; რა მიველ, მითხრეს დაჯდომა; წინაშე დავჯე სკამითა.

492. გვიბრძანეს თუ: “ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, დაცაგვლია; ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია; ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია; ყმისა არ სმა არად გვაგვა, ამად ზედან წაგვითვლია.

493. აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ, არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ!”

494. ვთქვი: “თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების, მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების; ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების; სხვამცა რა გკადრო, თვით იცით, მაგას რა მოეგვარების”.

495. დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული უძს, თუცა მელია; ვთქვი: “ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ საქმნელია!” მეფემან ჰბრძანა: “ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია, თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ, მისებრივ არ რომელია”.

496. “რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყობოდა; ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა; ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა; ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო ჰკრთებოდა.

497. დედოფალმან სთქვა: “ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი; მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდეს რომელი!” შეცილებამცა ვით ვკადრე, რადგან თვით იყო მდომელი! მოწმობა დავრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი.

498. გაჰგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი; შესთვალეს: “გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი; არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე გასათხოველი, თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი”.

499. კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა, გახარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა; ებრძანა: “მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა; თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვხდიდითა!”

500. კვლავ გაჰგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად, დაევედრეს: “ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად.” მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად; გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად.

501. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად; ასმათის მონა შემოდგა, შევჯე ლაღი და ჯანისად; წიგნი მომართვა, ეწერა: “ვინ სჩან ალვისა ტანისად, ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად.”

502. შევჯეგ, წავე, ბაღჩას მიველ, ვითა სცნობდე, ლხინთა ზომით; ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით; ვნახე, ვჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წდომით; დამიმძიმდა, არა ვკითხე, ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.

503. იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა; ვითა წინას შემომცინის, აღარ ეგრე გამიღიმდა; ყოლე სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა; ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა;

504. ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა, შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა; შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყველამ უკუ-მრიდნა, გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა.

505. იყო არ ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი; ებურა მოშლით პირ-ოქრო, მე მივეც რიდე რომელი; მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი, ცრემლისა ღვარსა მოეცვა, პირი ელვათა მკრთომელი.