ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

314. ,, ჩვენ მისითა მიზეზითა აწ ვართ, ლომო, შეჭირვებით; ცაცა მისად არა ჰკვირან, მივიდოდა თავის ნებით; შესაპყრობლად ხელი ვჰკადრე, მაგრა მეტად შეზარებით, ასრე მწარედ მათრახითა ჩამოგვფრიწა არ ხრმალ ხლებით.“

315. “ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა; იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა; არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა, მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!

316. “უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით; ხელი მოჰკიდა, «დადეგო!» ესეცა ჰკადრა კიდ ენით; მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით, თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.

317. ,,ჩვენი ძმა, გლახ, დაკოდილი მასვე წამსა ჩამოვარდა; მისმან შიშმან დაგვაწყნარნა, იგი ყოლა არ აჩქარდა; მასმცა მიღმა რაღა ვჰკადრეთ, ვისმან ყოფა გაგვიმწარდა, ვჰთქვით თუ,, უხრმლოდ მოგვერია, ცრმალთა გაგყრის ფარ-და-ფარ, და.

318. “მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა, ვითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა, მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, აამიწა, თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა!

319. “აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად; აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად”; შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად, ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

320. ვეფხისა ტყავი ენიშნა, ფიცხლავ გარდახდა ცხენითა; ღმერთსა მადლობდა ცრემლითა, მინდორთა გასარცხელითა; ,,ეტყოდა:,, თქვენგან გამოვა ყოველთა სიმარცხენითა, კეთილის მქნელად გამოჩნდის, ჩვენ მტერად მიგრაცხენითა.“

321. აჰა მიჰხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა, რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა; კაცსა მიხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა, მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

322. უთხრა თუ:”ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა, მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა, აწ თქვენგან მივხვდი საქმესა ყოლა არ- საადვილოსა, ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქს თქვენსა დასაღრეჯილოსა!

323. “ვითა მე მივხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა, აგრემცა ღმერთი ნურას იქს ძმისა თქვენისა ვნებასა!” უჩვენა მისი სადგომი: “მიდითო ნება-ნებასა, ჩრდილსა გარდასვით, მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა”.

324. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა, ვითა გავაზი გაფრინდა, არ გაშვებული ხეზითა, ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა; დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.

325. მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს: საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

326. “რადგან ისი არის რადმე უცნობოდ და ისრე რეტად, რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად, მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად, ანუ მოვჰკლავ, ანუ მომკლავ,” დაიმალვის მეტის-მეტად.

327. ჰპოვა ავთანდილ ტარიელ [წინა]-უკან მინადენია; თითს უშვერს:,,თქვა თუ;, ის არის” უხარის არ თუ სწყენია. მაგრამ ტარიელს ახოვნად შვენიან სინაზენია; მოურწყავს გიშრის ღარითა, ვარდი ყვითელი ტენია.

328. ავთანდილ მისდევს უკანა, ტარიელ მივა წინარე; მას სეეცვალა სალხინოდ იგ ჭირნი მოუთმინარე; [იგ ] ვითა მნათი ხელ- ქმნილი მოყმე მათ თანა ვინ არე? [შე]სთხზვია ვარდსა ბროლი და ძოწი გიშრითურთ მინა-რე.

329. აწ იმა ყმისა საკრავად ხრმალსაცა ვით მიჰყევ ნები! არ მოვჰკლავ, არცა მოვჰკვდები, არ ვავნებ, არცა ვევნები, შორით თვალითა მივსწურავ, უკანა დავედევნები.“ იარეს, გავლეს მრავალი მინდორი, შამბნარ- ხევნები.

330. გარდახდა და თაყვანის -სცა, ახსენა ღმრთისა სახენი: ,,შენ გმონებს ყოვლი ქვეყან, ყოველნი მონა, სახენი: შენგან მიხვდების წადილსა უღონო, მოვაგლახენი: ავთანდილ გეძებ, სიცოცხლე შენთვის ლახვართა ვახენი.“

331. ავთანდილ იტყვის: “ ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი? რაცაღა არის, არ არის, თუმცა არ ედგნეს ბუდენი; სადაცა მივა, მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი, მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არ -დასამრუდენი”.

332. წინა-უკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი, დღისით და ღამით მაშვრალნი, არ საჭამადთა მჭამენი; არსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი, მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.

333. დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, პირსა წყალი ჩანადენი, წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი, ხე დიდრუან, თვალ-უცდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.