ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

334. გარდახდა და თაყვანის -სცა, ახსენა ღმრთისა სახენი: ,,შენ გმონებს ყოვლი ქვეყან, ყოველნი მონა, სახენი: შენგან მიხვდების წადილსა უღონო, მოვაგლახენი: ავთანდილ გეძებ, სიცოცხლე შენთვის ლახვართა ვახენი.“

335. დადგა უჭვრეტს, ალვის შტოსა ანძრევს, გარე ჰქონდა ყელსა, ავთანდილს ჰკვირს, ეგრე ვითა გაანათებს მზეებრ ველსა; პირად მზესა, გულად ლომსა, ტანად შეჰგავს სარო მზრდელსა; მოიგონებს გულ- ამოსკვნით მასვე მისსა საგონელსა.

336. მან ყმამან ქვაბსა მიმართა, განვლნა წყალნი და კლდენია; ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია, მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია, მუნით უჭვრეტდა; იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.

337. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა, ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა, ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

338. ყმამან უთხრა: “დავო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს; ვეღარ მივხვდით ჟამიერად ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს”; ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსცვივდეს, ქალი შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლით სწმიდეს.

339. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა; ერთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა, იზახდიან, მოთქმიდიან, ხმა სცემდიან კლდენი ხმასა, ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.

340. სული დაიღო მან ქალმან, დასთმო გულისა წყლულობა, ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა, მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა; შინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.

341. ავთანდილს უკვირს: “ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?” გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა; შავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წვერითა, შეჰკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

342. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არ ასე ჯდა. ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა; ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა, ასმათ, ისრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა.

343. ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა, ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, “ნუ თუ მზეაო”, თქვა, “ცისა?” ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა, ასრე უჩს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.

344. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა, შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა; ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა, თქვა თუ: “ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.

345. ავთანდილ თქვა:,,ჟამად ვპოვე, ვრბოდი ვისთვის სურვილითა; მისგან კიდე მომსახურე, ვნახო, ჰყვანდეს ნუთუ ვითა; ნუთუ რასაც მოველოდდე, მითხრას ამან მე ამბავთა, არა მე ვარ იგი ლომი, რომე მხეცთა მოვსრავ ხრმლითა?“

346. “აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო? ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო, ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბჭობინო, მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო”.

347. ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა შემობმული, ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დახვდა კარ-გახმული; მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული, ეგონა თუ, დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.

348. ვერ იცნა, სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა; ფიცხლა გაიქცა, მიმართა ზახილით კლდესა და ხესა. ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა, ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა.

349. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა, ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე, მი და მო წრწებოდა, ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა, ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.

350. ქალი კიოდა ტირილით, ხმასა მოსცემდეს მთა ვითა; უძახის: ლომო,ტარიელ“, არ იყო ამად ზავითა; ავთანდილ ეტყვის:,, ნუ შმაგობ, ნუ ხარ ცნობითა ავითა, ღარიბი უადგილოსა მოველ მართ ოდენ თავითა.“

351. ეტყოდა: “სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი; უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი; მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი? სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი”.

352. ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა: “თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა; აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა; ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა”.

353. კვლა ეტყვის: “ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა? მაგა საქმისა ვერა იქს ვერცა კალამი წერასა; შენ ერთხელ მეტყვი: “მითხარო”, მე ასჯერ გეტყვი: “ვერასა”; ვითა სიცილი ტირილსა, მიჯობს ვაგლახი მღერასა”.