ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

527. “ასრე ჰქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო, “მიპარვით მოჰკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო, “მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა, ვითა ვირთაო, – “დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო!

528. “იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა ჩემსა, მამასა, “ჰკადრე თუ, – სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა, “ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა, “არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა, ვითა ტრამასა! –

529. “ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნურცა ნდომა, “ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა; “ჰქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკდომა; “ხელთა მოგცე თავი ჩემი, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა”.

530. “ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა, “ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხმლისა ქნევა; “მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვე-ქვე წვევა; “მწადდა, მაგრა ვერ შევმართე შემოჭდომა, შემოხვევა.

531. “ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე, ვითა ხელი; “ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი, “ჭირი ბევრჯელ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი, “მერმე წასვლა არა მწადდა, ამად მივალ არ ფიცხელი.

532. მოვიდა კაცი, “სასიძო მოვაო,” მოსვლა გვახარა, “მაგრა, თუ ღმერთი რას უზამს; არა იცოდა გლახ არა; “მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა-რა, “მიბრძანა, ახლოს მიმისვა, “მოდიო,” თავი დაჰხარა.

533. “მიბრძანა: “ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია, “გარდავიხადოთ ქორწილი, ჰხამს, ვითა დასასრულია; “კაცი გავგზავნოთ, მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, “უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ, სიძუნწე-უმეცრულია”.

534. “მე გავგზავნე ყოვლგნით კაცნი, საჭურჭლისა წამომხმელნი; “სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ დამზმელნი; “შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი; “მათ ლაშქართა, ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ველნი.

535. “მეფემან ჰბრძანა: “მოჰკაზმეთ კარვითა მოედანია, “გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია; “მუნ მისდა ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია, “შენ აქა ჰნახენ, ნუ წახვალ, შენგან ესეცა კმანია”.

536. “მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა; “მოვიდა სიძე, გარდაჰხდა, – დღე ჰგვანდა არს აღვსებისა – “შეიქმნა გასვლა შიგანთა; ჯარია მუნ ხასებისა, “დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.

537. “მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა, “შინა წამოველ მაშვრალი, ქმნა მომდომოდა ძილისა; “მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა; “ადრე მოდიო, გიბრძანებს მზგავსი ალვისა ზრდილისა”.

538. “ცხენისაგან არ გარდავხე, წაველ, ფიცხლად დავმორჩილდი; “ქალი დამხვდა ნატირები, ვკითხე: “ცრემლსა რასა ჰმილდი?” “მითხრა: “შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავცილდი, “გაუწყვეტლად ვით გამართლო, რაგვარამცა გავაქილდი!”

539. “შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე, – “მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე “წავდეგ, მიბრძანა: “რასა სდგი, დღე მიგიჩნს წინ საომარე; “ანუ გამწირე, მიტყუვე და კვლავცა მოიმცდომარე!”

540. “მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლა გარე შემოვბრუნდი, “უკუ-ვყივლე: “აწ გამოჩნდეს, – არ მინდოდეს, ვისცა უნდი! “ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!” “შინა მოველ, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

541. “ასსა ვუბრძანე მონასა: “საომრად დაემზადენით;” “შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არა ვის გავეცხადენით, “კარავსა შეველ; სასიძო ვითა წვა, ზარმცა თქმად ენით; “უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა, თუცა ჰხმდა სისხლისა დენით.

542. “კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე, “ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე, “წინა-მწოლთა დაიძახეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე, “ცხენსა შევჯე, წამოცაველ, ჯაჭვი მეცვა საკურტაკე

543. “ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი, “წამოველ, წევნა დამიწყეს, დავხოცენ ჩემი მდევარი; “ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, “მუნ შიგან შეველ მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი;

544. “კაცი გავგზავნე, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა: “აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა;” “არ გაწყდა მოსვლა მდევართა ღამესა დია ბნელასა, “ჩემი რა სცნიან, სცვივდიან თავებსა მათსა მრთელასა.

545. “ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად; “ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად; “ებრძანა თუ: “ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, “ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?

546. “ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე, “თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? “მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე, “დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!”