ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

469. “მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა: “რა შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა; “კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა, – “რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!

470. “დააგდეს მღერა მუტრიბთა, “ჰსულეო;” თავი ჰხარიან; “მიბრძანეს: “შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან, “ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან; “მართალ არნ შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან!

471. “აწ თუცა გვმართებს შემოსა, ვის მორჭმით მოგივლენიან, “არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით, ტურფად გშვენიან; “აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან; “თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან”.

472. “კვლავცა დასჯდა ხმიარული, მოიმატა სმა და მღერა; “კვლავ გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა; “დედოფალნი წამოვიდეს, შეეყარა მწუხრსა დღე რა; “ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.

473. “ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა; “საწოლს შემოველ, შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა, “ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა, “მეგონებოდა, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა.

474. “მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მე მართალიო: “თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო;” “მაშინვე ვიცან, ავიჭერ ჩქარ-ჩქარად, გულ-გამკრთალიო; “მოვიდა, ვნახე ასმათი, ჩემთანა მომავალიო.

475. “მე ვისთვის ვკვდები, მიამა ასმათის ნახვა მე მისად, “აღარ მიუშვი, ვაკოცე, ქმნად-ღა თაყვანის-ცემისად, “ხელი მოვკიდე, დავისვი ახლო ტახტისა ჩემისად, “ვკითხე თუ: “ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად?

476. “მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურად მეუბნებია!” “მითხრა თუ: “გკადრებთ მართალსა, აწ ჩემგან არ სათნებია, – “დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია, “აწ კვლავცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია”.

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი

477. წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა, “ეწერა: “ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა, “ომ-გარდახდილი შვენოდი, შენატევები ცხენისა, – “არ ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

478. “ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა, “შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა; “მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღი ბაღად უშენოსა, – “შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა!

479. “თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდათ არ იდენო; “ამას იქით ნუღარ სტირი, ჭირსა თავი არიდენო; “შენნი მჭვრეტნი შენთა მჭვრეტთა აგინებენ, არიდენო; “რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.

480. “იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს, “რა მნახო, შენცა გიამოს, შენეულითა მშვენოდეს; “ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გაღაგვლენოდეს, – “ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს”».

481. აქა მხეც-ქმნილი ტარიელ სტირს, ჭირი ეათასების; სთქვა: “მე მაქვს სამხრე, რომელი კვლავ წინას მკლავსა მას ების!” იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების, პირსა დაიდვა, დაცაბნდა, ქვე მკვდართა დაესახების.

482. ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა, ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა; ასმათ სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა, კვლავ წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

483. ავთანდილცა სულ-თქმნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა; ასმათ ვამი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ჰხვრიტნა; მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა; სთქვა: “ცოცხალვარ, საწუთრომან აწცა ჩემნი სისხლნი ჰხრიტნა”.

484. ზე წამოსჯდა ფერ მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად, – ვარდი სრულად შექმნილ-იყო ზაფრანად და ვითა სპეტად – დიდ-ხან მათდა არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად, დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

485. ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა მიძს თუცა ხელისა, “გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა; “ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა, “მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!–

486. “ასმათის ნახვა მიამა ჩემგან დად საესავისა; “წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა, “მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა, “იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა”.

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მინაწერი პასუხად