ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

487. მივუწერე: “მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი, “გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე, სიალფენი, “ხელმან შენი განვიცადენ სინატიფე, სიტურფენი, “სულთა ნაცვლად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი?

488. “მაშინ ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე, “აწცა ჩემთვის ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე; “სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე, “რომე მართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!

489. “განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე, “ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ჰპოვე; “დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე მოვე, “სოფელს-მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!”

490. “ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა, “მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა; “გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგმულობა მომეწყინა, “ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა”.

491. “დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ჰქმნა მწუხრმან ჟამითა; “ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასვლა ვქმენ მითვე წამითა; “ვნახე ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა; “რა მიველ, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.

492. “გვიბრძანეს თუ: “ღმერთმან ასრე დაგვაბერნა დაცაგვლია, “ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია; “ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია, “ყმისა არ სმა არად გვაგვა, ამათ ზედან წაგვითვლია.

493. “აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ, “რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, “სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ, “არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხმალი ჩვენთვის არ ვამახოთ?”

494. “ვთქვი: “თქვენის ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების, “მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების; “ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების, – “სხვამცა რა გკადრო, თვით იცით, მაგას რა მოეგვარების”.

495. “დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული უძს, თუცა მელია; “ვთქვი: “ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ საქმნელია!” “მეფემან ჰბრძანა: “ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია, “თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ, მისებრივ არ რომელია”.

496. “რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა, “ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა; “ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა, “ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მიდამო ჰკრთებოდა.

497. “დედოფალმან სთქვა: “ხვარაზმშა მეფეა, მორჭმით მჯდომელი, “მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდეს რომელი!” “შეცილებამცა ვით ვკადრე, რადგან თვით იყო მნდომელი! “მოწმობა დავრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა-მხდომელი.

498. “გაჰგზავნეს კაცნი ხვარაზმშას წინა, შვილისა მთხოველი; “შესთვალეს: “გახდა უმკვიდროთ სამეფო ჩვენი ყოველი; “არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე გასათხვოელი, “თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი”.

499. “კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა, “გახარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა; “ებრძანა: “მოგვხვდა ღვთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა; “თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვხდიდითა!”

500. “კვლავ გაჰგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად, “დაავედრეს: “ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად;” “მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შეველ მოსვენებად, “გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად.

501. “მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად; “ასმათის მონა შემოდგა, შევჯე ლაღი და ჯანისად; “წიგნი მომართვა, ეწერა: “ვინ სჩან ალვისა ტანისად, “ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად”.

502. “შევჯე, წაველ, ბაღჩას მიველ, ვითა სცნობდე, ლხინთა ზომით, “ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით, “ვნახე, ვჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით, “დამიმძიმდა, არა ვკითხე, ჩემი სჭირდა მისვლა ნდომით.

503. “იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა, “ვითა წინას შემომცინის, აღარ ეგრე გამიღიმდა, “ყოლე სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა, “ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა;

504. “ჩემნი ერთი გონებანი, მეტად შორად გამიკიდნა, “შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა; “შეველ, ვნახე იგი მთვარე, ჭირმან ყველამ უკუ-მრიდნა, “გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა.

505. “იყო არ ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი; “ებურა მოშლით პირ-ოქრო, მე მივეც რიდე რომელი, “მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი; “ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.

506. “ქვე წვა, ვით კლდისა ნაპირსა ვეფხი პირ-გამეხებული, “არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული; “ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული; “მერმე წამოსჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.