ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

491. შევეკაზმე დარბაზს მიველ დამხვდა ჯარი ავაზისა჻ შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა჻ მეფე ქვე ჯდა შეკაზმული შვენებითა მსგავსი მზისა჻ გაეხარნეს მოსვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა჻

492. იდუმალ ცოლსა ეუბნა მართ ჩემგან უცოდნელია჻ ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტად სასურველია჻ მან გაანათლოს მჭვრეტელთა გული რაზომცა ბნელია჻ რაცა დაგვედრო საქნელად ქენ არა საზოზღნელია჻

493. აწ მითქვამს საქმე უშენოდ შენცა ცან ესე მცნებული჻ რადგან ქალია სამეფო ჩვენგანვე სახელ დებული჻ ვინცაღა ნახავს აწ ნახოს აჰა დღე ედემს ხლებული჻ გვერდსა დაისვი ორნივე სრას დამხვდით მოვალ შვებული჻

494. მოვინადირეთ მინდორი ძირი მთისა და გორისა჻ იყო სიმრავლე ძაღლისა შავარდნისა და ქორისა჻ ადრე დავბრუნდით ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა჻ აღარ იბურთეს დაშლა ქნეს თამაშობისა ორისა჻

495. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი შუკა და ბანი჻ ომ გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი჻ ფერმიხდილ გვარად ვშვენოდი ვარდი ცრემლითა ნაბანი჻ ვინცა მიჭვრეტდის ბნდებოდის მათრლად არს არ კატაბანი჻

496. რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაველთასა჻ იგი მეხვივნეს მშვენოდეს ვახელებ გულსა ხელთასა჻ მეფე გარდახდა დარბაზთა შევედით ჩემთა მზრდელთასა჻ შევხედენ დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა჻

497. მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის ფერნი ჯუბანი჻ ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა დას დასად უბან უბანი჻ სრულად ნათლითა აევსო სახლი შუკა და უბანი჻ მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ მარგალიტნი ტყუბანი჻

498. ნაომარსა დაკოდილსა ჴელი ყელსა ჩამომება჻ დედოფალი საჯდომთაგან ადგა წინა მამეგება჻ ვითა შვილი გარდამკოცნა ღაწვი ვარდი დამილება჻ მითხრა ნუ ეჭვ ამას იქით თუღა მტერი შეღაგება჻

499. ახლოს დამისვეს ადგილსა მუნ სადა მიამებოდა჻ პირის პირ მიჯდა იგი მზე გული ვისთვისცა კვდებოდა჻ მალვით უჭვრეტდი მიჭვრეტდა სხვად არად მეგონებოდა჻ თვალნი მოვსწყჳდნი სიცოცხლე ამითა მეარმებოდა჻

500. შეიქნა სმა და პურობა მგზავსი მათისა ძალისა჻ სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა჻ ჯამი და ჭიქა ყველაი ფეროზისა და ლალისა჻ არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთურალისა჻

501. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის მეტასა჻ რა შემამხედნის შევხედნი ცეცხლმან დამიწყის შრეტასა჻ კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა჻ რა უამია პირის პირ საყვარელისა ჭურეტასა჻

502. დააგდეს მღერა მუტრიბთა სულეთო თავი ხარიან჻ მიბრძანეს შვილო ტარიელ ვით გითხრათ ვით გვიხარიან჻ ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან჻ მართალ არნ შენნი მჭურეტელნი არ ცუდად იმკვეხარიან჻

503. აწ თუცა გმართებს შემოსვა ვის მორჭმით მოგივლენიან჻ არ შეგმოსთ მაგა კაბათა არ აგხდით ტურფად გშვენიან჻ აწ გქონდეს ასი საჭურჭლე ვის შუქნი მოგიფენიან჻ თვით შეიკერე რაცა გწადს ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან჻

504. კვლავცა დაჯდა მხიარული მოიმატა სმა და მღერა჻ კულავ გაგრძელდა ნადიმობა ბარბითტა და ჩანგთა ჟღერა჻ დედოფალნი წამოვიდნეს შეეყარა მწუხრსა დღე რა჻ ძილ პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა჻

505. ავიყარენით მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა჻ საწოლს შემოველ შემექმნა ცნობა მათ ვითა შეთისა჻ ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა჻ მეგონებოდა მალხენდის გონება მისგან ჭურეტისა჻

506. მონა მოვიდა მიამბა ამბავი მე მართალიო჻ თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო჻ მაშინვე ვიცან ავიჭერ ჩქარ ჩქარად გულ გამკრთალიო჻ მოვიდა ვნახე ასმათი ჩემს წინა მომავალია჻

507. მე ვისთვის ვკვდები მიამა ასმათის ნახვა მე მისად჻ აღარ მიუშვი ვაკოცე ქნადღა თაყვანის სცემისად჻ ხელი მოვკიდე დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად჻ ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად჻

508. მიამბე მისი ამბავი სხვად ნურას მეუბნებია჻ მითხრა თუ გკადრებ ამბავსა აწ ჩემგან არა სთნებია჻ დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია჻ აწ კვლაცა ცნობა ამბვისა მას ჩემგან უბრძანებია჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთა თანა მოწერილი჻

509. წიგნი მამართვა ჩავხედენ პირისა თემთა მნათისა჻ ეწერა ვნახე სიტურფე წყალ ჯავარისა შენისა჻ ომ გარდახდილი შვენოდი შენატევები ცხენისა჻ არ ავი მიმჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა჻