ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

350. “მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან; იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან. ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან.

351. “დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა, დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხარსა და მკლავისა, რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა; გარე მომრტყმოდა ჯალაბი, ვითა ჩამსხდომი ნავისა.

352. “შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა, ზე დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა, პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა. მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.

353. “მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია; ცრემლით მითხრა: “შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ-ღა? სიტყვა თქვია!” მე პასუხი ვერა ვუთხარ, ვითა შმაგი, შე -ვე -ვკრთია კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

354. “სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან; მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან; მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას სჩმახვიდიან. სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

355. “აქიმნიცა იკვირვებდეს: “ესე სენი რაგვარია? სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია”. ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია, დედოფალი, ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია”.

356. “სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი; მერმე ცნობა მომივიდა, მივხვდი რასმე მიუმხვდარი; ვთქვი, თუ: “ჰაჲ- ჰაჲ, რას შიგან ვარ მე სიცოცხლე-გარდამხდარი!”. თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.

357. “ვთქვი, თუ: “ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე, მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითმე აღმადგინე, აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!” მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე.

358. “ზე წამოვჯე. მეფისასა კაცი დია მოვიდოდა. ახარებდეს: “წამოჯდაო”, დედოფალი გამორბოდა; მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა, იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.

359. “იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია; მე მოვახსენე: “პატრონო, გული აწ უფრო მრთელია; ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია”. ცხენი მომგვარეს, შე-ცა-ვჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.

360. “გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა; ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა. შინა მივე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა; ვთქვი, თუ: “მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა რასღა ღირს-ა!”

361. “ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან, გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან; საწოლის მეკრე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან; ვთქვი, თუ: “რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?”

362. “მონააო ასმათისი” — “რა იცისო, — ვარქვი, — ვჰკითხე”. შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე; გამიკვირდა, სხვად გულისა ვითამცა ვქმენ მწველთა სითხე? მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე”.

363. “მე გამიკვირდა, “სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა? მიუყოლობა არ ვარგ-ა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყვედს, მერმე დამიწყებს გმობასა”. დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.

364. “დღენი გამოხდეს, მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა, ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა, დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დაიწყეს მოსვლა მრავალთა, მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

365. “მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხვამან ვეარავინ შემატყვა დება ცეცხლისა ცხელისა; სისხლი დამწამეს; მეფემან მითხრა გახსნევა ხელისა, გავიხსენ ფარვად თავისა, არვისგან საეჭველისა.

366. “ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა; ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ თქვას, რა მინა. “მონააო ასმათისი”. შემოყვანა ვუთხარ შინა. გულსა შინა დავუზრახე: “რა მპოვაო, ანუ ვინ-ა?!”

367. „ასმათის წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა; წიგნსა შევატყვე,ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა; პასუხად გავეც: “ ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებისა; მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა”.

368. “გულსა ვარქვი თუ: “ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ? ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებებ; აზრად შეიქმან, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.

369. “კაცი მოვიდა მეფისა: “სწადსო, ამბისა სმინება”. მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: “ქმნაცა სისხლისა დინება?” მე ვჰკადრე: “ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება”.