ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

423. დილასა შევჯე, ვუბრძანე: “ჰკარით ბუკსა და ნობასა”. სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომისა მზობასა. ლომმან მივჰმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა, უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

424. „დავაგდე ზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია; რამაზის კაცი მემთხვია, ხატაეთს ზედა ხანია, მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: “ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენნი, ინდოთა თხანია”.

425. “მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი, “გითხრობს, გკადრებს: “ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-საქმნელი, ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

426. “რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია; თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია; ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდენ ცანია; შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია”.

427. “გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბენთ, გავიზრახენით; მითხრეს თუ: “ხარო ყმაწვილი, ბერნი მით გკადრებთ გლახ, ენით: არიან ერთობ მუხთალნი, — ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, — არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

428. “ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა; გულ-მართლად იყვნენ, მიენდევ, აფიცე ღმრთითა და ცითა, არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა, კვლა და კვლაცითა”.

429. „მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები; შევსთვალე: “ რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები; სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები; ლაშქართა დავყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები”.

430. “მათ ლაშქართაგან სამასნი კარგნი მოყმენი, ქველანი, თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე, დავყარენ სპანი ყველანი, დავჰვედრე: “სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მომდევდით, მიშველეთ, გიხმობ, თუ მინდენ შველანი”.

431. “სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა. კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: “მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, რა შეგეყარო, მაშინ სცნა კვლა ძღვნობა ამისთანისა”.

432. “კვლაცა ეთქვა: “მართალია აზომ ჩემი მონახსენი, მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი”. მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანება ვქმენ მეცა თქვენი, ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი”.

433. “მუნით წასრული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა; კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა; წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა: “შენსა ნახვასა მეფენი, — თქვეს — მართლად ინატრიდესა”.

434. “მითხრეს: “მეფე მოგახსენებს: მეცა შენ კერძ ვიარები, სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები”. მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები, მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვნეს ვით მაყრები.

435. “კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების: ერთი კაცი უკმო-რე-სწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების: “დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების, გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქმნების.

436. “მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი. თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი; მკვდარი მიმძიმ სანახავად, ტანი მჭევრი, პირი ვარდი, ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი.

437. “რომე ცუდად არ მოჰღორდე, ისი კაცნი გღალატობენ, ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ; კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ, აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.

438. “მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან; მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან; კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან. რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან”.

439. “მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია: “რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია; აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათ თანა მიდია, თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია!”.

440. “არვის გავენდევ სულ-დგმულსა, დავმალე ვითა ჭორია. რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია! მაგრა სპათაკე გავგზავნენ კაცი, გზა თუცა შორია, შევსთვალე: “ფიცხლა წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია”.

441. “მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე: “რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე”. ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე. განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე?!

442. “ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე; ვთქვი თუ: “მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა მახე, ჩემიმც გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბი ვახე”. მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.