ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

331. “მეფემან სახლი ააგო, შიგან საყოფი ქალისა: ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა თვალისა, პირსა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა; იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

332. “დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი; ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი, მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

333. “სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა; ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა; ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა; მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

334. “თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდის ვითა შვილსა; დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა; ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა, სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.

335. „რა მინდორს შევჯდი, ზარითა ხმა იყვის ბუკთა ცემისა; თანა მყვის სპისა სიმრავლე მსგავსი ფუტკრისა რემისა; ჭვრეტად ქალ- ყმები დაჯრილა, დგას თემისა და თემისა; ვინც მნახის, ეყვის ერთ წლამდის კვეხა ნახვისა ჩემისა.

336. “მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან; მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან; შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან; აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!

337. “მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა; ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა; მათ გაეხარნეს, ვის ზარი დაჰლევდის მისგან შიშისა; ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა — ხსენება იშისა.

338. “მე წელიწადსა ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული, დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული; გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული, ებრძანა: “შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

339. “ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა”. ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა, ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა: “შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა”.

340. “ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა; უკანის გამომიყვანეს ხასთა მათ წინა-მდგომელთა; გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა, შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

341. “მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად. მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად; ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად; არ მომეშვნეს, დავჰმორჩილდი, თაყვანის-მცეს ამირბარად.

342. “აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია; გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია! ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია, მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცა ხანგრძლად მწველია”.

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა.

343. კვლა დაიწყო თქმა ამბვისა მან, რა ხანი მოიტირა: “დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა; მიბრძანა, თუ: “ქალი ვნახოთ”, ხელი ხელსა დამიჭირა. მის ჟამისა მხსენებელი მე სულ - დგმული არ გიკვირა?

344. “მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა, გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა; მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა, ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

345. “ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა: მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა; მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

346. “ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა, მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა; ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა. ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

347. “ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა; ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა, მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა. ვაჲმე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!

348. “აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!” მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქვნა მწარენი; ყმა და ასმათი ტიროდეს, ხმას სცემდეს იგი არენი. ჭმუნვით თქვეს: “მკლავნი ცუდ ქმნილანი, ვაჲ, გმირთა მემუქარენი!”

349. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა, დარია; დაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია, თქვა: “ჩემგან მისი ხსენება, ვაჲმე, რა დიდი ზარია!