ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1580. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს, ზედა დასხნეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს; ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს! ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

1581. სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს; ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ოთხთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

1582. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან: “თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი”, — მართ ამას მოიტყოდიან, ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან, სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1583. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკვდომილსა: “რაცა შენ ჰქმენ არ უქნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, ერთსა წილსა ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.

1584. “ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე; მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!” ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: “შენგან-აო ჩემი ღონე, მონობისა უკეთესი რამც ვიშოვე, რამც ვიქონე?”

1585. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია; თამაშობდიან, უსახო მოუდიოდის ძღვენია; რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია! მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

1586. ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა. უბრძანებდა: “გული, შენი, განაღამცა მომემდურვა; აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა, მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ესე დამიშურვა."

1587. კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედას-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა; სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა, შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა”.

1588. მასცა უბოძა ფარმანი: “წა, სახლი მოიარეო, მე ნუ გამწირავ, მეახლე, ადრე მობრუნდი გარეო”; ავთანდილს უთხრა: “უშენოდ რა - მცაღა გავიხარეო? რათგან ისწრაფი, ნუ გაგვა. მიგელის ლომსა მთვარეო!"

1589. როსტანისთვის წაატანა ძღვნად ტურფა ჯუბაჩები, კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები: “ჩემ მაგიერ მიუტანე, წაო, ნურას მეურჩები”. ავთანდილ თქვა: “ არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!”

1590. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ-მც ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი, — წამღებელსა ვერა თქვას, თუ “ცუდად ვზიდე”, — ღამე მზეებრ გაანათლის, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე.

1591. ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა; იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა; სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; ავთანდილ იტყვის: “მომკლაო სოფლისა მე სამსალამა”.

1592. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაყარნა, წავიდეს თავის–თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი; ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

1593. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან; ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან; მას თანა ტახატსა და-ვე-ჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან, გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1594. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ჰნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს, მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1595. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

დასასრული

1596. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა; გარდახდეს, გავლეს სოფელი, — ნახეთ სიმუხთლე ჟამისა! — ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა. ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა.

1597. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე ჰმსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად.

1598. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია — შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ — სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა, ტარიელ — მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.