ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

388. “ასმათს მოვართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა. “ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა”.

389. “ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს; ლხინმან ბნელი გამინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს; შევე, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს. მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”.

წიგნი ტარიელისა ხატაელთანა

390. “გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემ-მაგიერი; მივსწერე: “მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი! მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი, ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადლიერი.

391. ჩვენნო ძმანო და პატრონნო, თქვენგან არ გავიმწარებით; ესე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით! თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. სჯობს, რომე გვნახნეთ, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით”.

392. “კაცნი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები, დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები; მაშინ სოფელმან საწუთრომ იუხვის, რაცა ვინები, აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

393. “პირველ გაჭრისა პირება,მერმე დაწყნარდეს ცნობანი ; ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი, მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი; ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვნი საწუთროსა გმობანი”

ნესტანისაგან ტარიელის ხმობა

394. “დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული; წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული; კარის მცველმან მონა უხმო, უთხრა საქმე დაფარული.

395. “მონააო ასმათისი”, საწოლს ვუთხარ შემოყვანა. მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესვა გულსა დანა. ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა, წავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

396. “ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი; ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი; მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი, მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი.

397. “ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა; შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა, მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

398. “დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა; ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა; “აწ წადიო, ვერას გითხრობს”, მე კვლა მიმცა ალმან მურსა.

399. “ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე, ვთქვი: “საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?” გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!

400. “ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარეთ შიგან ბაღი; მითხრა: “ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დაჰხაშ, სიხარულის კარი აღი; სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი”.

401. “მე ვუთხარ: “დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა; ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა; ჩემ თანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედას -ზედა მავალსა; თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ, დანამალსა”.

402. “შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა; ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა”.

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მიწერილი პასუხად

403. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია, — სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: “არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია, ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენ ზედა რა პატრონია?”

404. “მოეწერა: “რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა. გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა! რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა? ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენმიერსა”.