ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

443. “ვთქვი თუ: “ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან, მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან? ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან. აწ შევებნეთ ხატაელთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან?”

444. “ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყვითა ხაფითა; დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ — ჯავშანითა, ქაფითა, რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წავე დიდითა სწრაფითა, მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.

445. „მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა; კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა; ეთქვა თუ: “ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ-ორგულობა, აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა”.

446. “შევსთვალე თუ: “მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია; თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ იგია! ბრძანეთ, მოდით, შეგვებენით, ვითა წესი და რიგია, მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია”.

447. “რა მივიდა მოციქული, კვლამცა რადღა გამოგზავნეს! კვამლი შექმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს; სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს, შექმნეს რაზმი მრავალ-კეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.

448. “შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად; საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად; ერთსა წავსწყდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად. მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.

449. “ახლოს მივე, შემომხედნეს, “შმაგიაო”, ესე თქვესა. მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა; კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა, შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!

450. “შიგან ასრე გავერივე, გლონის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი; კაცი, ჩემგან შენატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი, ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძი რაზმი ორი.

451. „ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი; ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგნის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვჰღვრიდი; ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი. სითაც ვიყვი, გამექციან, მათ შეჰქმნიან ჩემი რიდი.

452. “საღამო-ჟამ დაიზახნა ქედით მათმან დარაჯამან: “ნუღარა სდგათ, წაედითო, კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან: მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინნა ამად ამან, ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან!”

453. “ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა, რა ეცნა, წამოსულიყვნეს, ღამე-წამორთვით ეარა; ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა, გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზეარა.

454. “იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს, შევჰკივლენით; ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით. რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით, მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკლენით.

455. “უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა, დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა; ძილისა მიჰხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა, ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა.

456. “მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად. ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მიჩნდა არ-ნაღებად; ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად, ვერ იტყვიან, ვერ მიმხვდარნი ქებასაცა მოხსენებად.

457. “ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს; ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს; რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი, ამიტირდეს, ჩემგან ხრმლითა განაკვეთი ნახნეს, მეტად გაუკვირდეს.

458. “გავგზავნენ ყოვლგან ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე, ერთობ სავსენი მოვიდეს, თავი ავალაღებინე, სისხლთა მებრძოლთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე, არ ვჰბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე.

459. რამაზს ვარქვი: “შემიგნია საქმე შენი სამუხთალე, აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე, სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე, თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე?”.

460. “რამაზ მითხრა: “აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე, ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე, ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე, ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე!”.

461. “მივეც ერთი დიდებული, თანა სპანი წავატანენ, ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ, ხელთა მომცნეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ, საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვითა დავაგვანენ!

462. “მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად; კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად; ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: “იყვენით თქვენ უკრძალავად, მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად”.