ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

482. “რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა, იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებდ გულსა ხელთასა. მეფე გარდახდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა, შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზებრ ნათელთასა.

483. “მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის-ფერნი ჯუბანი, ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი; სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი, მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.

484. “ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება... დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება, ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება, მითხრა: “ნუ ეჭვ, ამას იქით, თუ -მცა მტერი შე-ღა-გება”.

485. “ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მეამებოდა. პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა. მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდის, სხვად არად მეუბნებოდა; თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

486. “შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა; სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა! ჯამი და ჭიქა — ყველაი ფეროზისა და ლალისა. არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.

487. “მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა. არ შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა: კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა. რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!

488. “დააგდეს მღერა მუტრიბთა, “სულეთო!” თავი ხარიან; მიბრძანეს: “შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან?! ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან; მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან.

489. “აწ თუცა გვმართებს შემოსა, ვის მორჭმით მოგივლენიან, არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით, ტურფად გშვენიან; აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან, თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან”.

490. “მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი; თაყვანის-ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი; მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი, რა გასცეს, ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი!

491. “კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა; კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა. დედოფალნი წამოვიდეს, შეეყარა მწუხრსა დღე რა, ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.

492. “ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა. მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა

493. მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მან მართალია: “თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია”. მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია; მოვიდა, ვნახე ასმათი ჩემ თანა მომავალია.

494. “მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის ცემისად; ხელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისად ჩემისად, ვჰკითხე, თუ: “ნეტარ მისრულა მორჩი ალვისა ხე მისად?

495. “მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურად მეუბნებია!” მითხრა თუ: “გკადრებ მართალსა, აწ ჩემგან არ-სათნებია: დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია, აწ კვლაცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია”.

496. “წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა. ეწერა: “ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა. ომ-გარდახდილი ჰშვენოდი, შენატევები ცხენისა, არ-ავი მიმიჩს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

497. “ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა, შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა, მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩას ბაღად უშენოსა, შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა!

498. “თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო, ამას იქით ნუღარ იდენ, ჭირსა თავი არიდენო; შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო; რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.

499. “იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს, რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა მშვენოდეს; ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს, ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს”.

ტარიელის ტირილი და დაბნედა