ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

463. “საჭურჭლენი გარდავნახენ თავის-თავის, კიდის-კიდე. უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე; ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე, თუმცა ჰნახენ, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!

464. “ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად! ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად; არცა ლარულად ჰგდებოდა მას ქსელი, არ ორხაულად; სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა, ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.

465. “იგი საძღვნოდ მისად დავსხენ, ვისი შუქი მანათობდა; მეფისათვის დავარჩიე, საარმაღნოდ რაცა სჯობდა; ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, — ყველაკაი წვივ-მაგრობდა, — ატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა”.

წიგნი ტარიელისა ინდოეთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა

466. წიგნი დავწერე: “მეფეო, სვემცაა თქვენი სვიანად! მე ხატაელთა მიმუხთლეს, — თუცა მათ ეცა ზიანად, — ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად; მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან–ტყვიანად”.

467. “რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე, წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე, ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე, მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.

468. “ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია. ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია; რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია! ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.

469. “ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა, საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა. მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა; მიალერსებდა, მაჭმევდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.

470. “მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით, დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით; მეფემან ბრძანა: “ლაშქარნი უხმენით, შემომყარენით! დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით!”

471. “რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე; ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე, ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე, ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!

472. “მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა, ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა. ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა: “შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?”

473. “მე ვჰკადრე: “ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა, უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა”. რამაზს უბრძანეს: “იცოდი, გაგგზავნით შეწყალებულსა, მაგრა ნუ გნახავთ კვლამცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა!”.

474. “ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია, კვლა ხატაური ათასი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია. მერემე ყველაი დამოსა იგი და მისი ხასია, შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.

475. “ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, მოახსენა: “ორგულობა თქვენი ღმერმან შემანანა. თუ რა ოდეს შე-ღა-გცოდო, მაშინ მომკალ მემცა განა!” წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა.

476. ,,მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია; ებრძანა: “რა შენ გაგყრივარ მას აქათ თვეო სამია, მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია, არ დამაშვრალ ხარ, წამოდი, თუცა დაშვრომის ჟამია”.

477. “შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა, შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა, მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა; გაეხარნეს მისლვა ჩემი ტურფისა და ლამაზისა!

478. “იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: “ომით მოსრული ტარეილ საჭვრეტლად სასურველია, მან განანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია; რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზნელია.

479. “აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული: რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული, ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა ხე, ედემს ხებული, გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული”.

480. “მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა; იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა. ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა. აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა.

481. „ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი. ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მაენიანნი კაბანი; ფერმიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი, ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, — მათრლად არს, არ კატაბანი.