ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

253. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი: “ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი. წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი, აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.

254. “მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე, არ ეგების, ამას იქით თუ-მცა თავი არ გამონე, არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნიე, დაგაღონე; შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე!

255. “აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები, რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები; თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები, მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გა-ცა-სწბილდები”.

256. ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა: ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა, უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა, ზედ მიადგა, ჩაყიოდა, ტირს, იზახის ვაგლახ-ვასა.

257. “ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე, წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუ - მცა ამოგზიდე”; მას ქვეშეთსა გაეცინნეს, გაუკვირდა მეტად კიდე, შემოჰყივლა: “არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?”

258. “აწ, დაო, შენსა ხელსაა ჩემი საბელი ყელისა, სხვად უღონოა უშენოდ ჩემდა აპყრობა ხელისა; რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა, თვარა ვისმც ექმნა გვარლითა შეკვრა თავისა მრთელისა!”

259. ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი; ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი, რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.

260. “იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვნების; თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან დაიხსოვნების მოილოდინე, მოვიდეს, რაზომმცა დაგეყოვნების, დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.

261. “გითხრა, თუ ცოდნა გწადიან მისისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა; მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა, სულთქვმა სულთქვმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

262. “ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა: ისი მინდორს არონინებს ტანსა მტერთა, მემაჯანსა, ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა, აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

263. “ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო; რა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვითა მოვაგვარო; ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო, თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”.

264. ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება. ამას ზედა მოიხედნეს, ხევით ესმა ჩხაპუნება; მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება, უკურიდნეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

265. ქალმან უთხრა: “ყმაო, ღმერთმან მოგცა, ჟამად, რაცა გინა, მაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა; იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ-ა; ნუთუ ვითა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”.

266. ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან დამალვით მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდახდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა, ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა, ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

267. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან; შეჰხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან; დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

268. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები. მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები; მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები, სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

269. მან ქალმან ხელ-ყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა, ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქმნელისა; მიუპყრა, ერთი აჰხლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა, ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

270. ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი; შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოვარდა ვითა რეტი, იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი. ცალ-კერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენაჭვრეტი.

271. “რად დაჰბრუნდი? — მოახსენა, — “მითხარ, რაცა წაგეკიდა!” მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩა მარეკი, და-.

272. “სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე: —არ მივეო ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე, მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე.” თქვა: ,,ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე”.