ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

405. “ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია. იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკე მონასხპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

406. “ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა; აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.

407. “ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა, თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: “მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა”.

408. “შინა მოვე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, თვალთა, ვითა საგუბარი, ცრემლი ცხელი გარდმომჩქეფდა. “ბედი ჩემი უბედური, — ვთქვი, თუ, — ჯერთცა ვერ გამეფდა! ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?”’’

ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა

409. მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა; ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა, ეწერა: “გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა, მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა”.

410. “ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო! შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო; სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”.

411. “შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა; გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა, ფარდაგსა შინა მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

412. “შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი გამინათლა, ზედა ლხინი ადგა სვეტად. მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად, ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედნის წამის ჭვრეტად.

413. “უბრძანა, თუ: “მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!” მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა. დავჯე, მივსცენ გულსა ლხინნი, საწუთროსა დამგმობარსა; მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა.

414. “მიბრძანა: “ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა: გაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა, მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

415. “თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა; ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

416. “ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შესჯერდი დიდითა ზენაარით და ფიცითა. გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

417. “წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე; ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვოს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე! მაგრა რა ვქმნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე? გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე!”

418. “მოვახსენე: “არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად, მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკლველად, შენ სინათლედ თვალთად ჩემთად მიჩნდე მზეებრ სანახველად, აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.

419. “აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არვინ ღირს-ა; მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არ მკვირსა; შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა ჭვირსა, შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა”.

420. “ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა, მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა: “უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა, ღმერთი მომკლავს! ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთი - ცა”.

421. “დავყავ ხანი მას წინაშე, ერთმანეთსა ვეუბნებით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით, მერე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით, მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

422. “მეძნელებოდა სიშორე მისი, ბროლ-ბადახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა; ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, აწ მიკვირს, მისი გამყრელი გული მიც კლდისა ტინისა!”

ტარიელისგან ხატაეთს წასვლა და დიდი ომი