ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

370. “დარბაზს მივე. მეფე ბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქმ, აბა!” ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა; შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: “შაბაშ, შაბა!”

371. “შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი; მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი. აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

372. “ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად, შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

373. “მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: ქალი ვინმე იკითხავსო: “ინახვისა ამირბარი?” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი;’’ ვარქვი: “საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი”.

374. “ავდეგ, მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად; შადი ვუთხარ: “ნუ ასდგებით, მოვალ ხანსა დაუზმელად”; გამოვე და საწოლს შევე, მონა დადგა კარსა მცველად. გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.

375. “კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის-მცა; მითხრა: “მოსვლა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც-ა!” გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა? ვთქვი: “არ იცის აშიკობა; თუ-მც იცოდა, წყნარად ზისმცა!”

376. “შევე, დავჯე ტახტსა ზედა, ქალი მოდგა ნოხთა პირსა; ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არ აღირსა; ვარქვი: “მანდა რად ჰზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?” მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა.

377. “მითხრა: “დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა: გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა, მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდის არღა მალობა. ამას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა”.

378. “ადგა, მითხრა: “თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია; ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია, ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის ვისცა უქნევია”’’.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი პირველი

379. წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა; მოეწერა მზისა შუქთა: “ნუ დაიჩენ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”.

380. “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია! ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენ ზედა ჩვენგან არ დასათმონია!

381. “შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მნდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია, ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

382. “მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე? მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!”.

383. “ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალვოდა; ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რა დამეთვალვოდა! გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მემალვოდა; მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გაილალვოდა”

წიგნი ტარიელისა საყვარელთანა

384. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაცა არ შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია!”

385. “ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები; ესე ჰკადრე: “რათგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები, აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები, რასაცაღა სამსახურსა, ვტყუი, თუღა ვერიდები”.

386. “ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს: ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბნარსა ვერა სცნობდეს, ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს”; და-ცა-მვედრა:” ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

387. “მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა, მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა; მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.