ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

273. ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდეს ას-ნაკეცნი, ბევრის-ბევრად, მოახსენა: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად; მას მაგითა ვერა არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?

274. “ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია. ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია, გეახლოს და არ გაჰშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია. შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?”

275. უბრძანა: “დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა, მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა! ვის ძალ-უც პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა? ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.

276. “ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რაცა კაცი რად დაჰბადა, სიახლე და საუბარი თუ-მცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა? შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა”.

277. ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია; რათგან, ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ, უკეთესი, რაცა საქმე გამიცდია. არა ვარგ -ა უსაზომო, ზომსა თავი გარდგიხდია.

278. ,,მისი მძებნელი იყომცა ჭკუითა მეტის -მეტითა; შენ კაცთა ნაცვლად ნადირთა ახლავ გულითა რეტითა; სჯობს, ერთი კაცი იახლო, ილხენდე მისით ჭვრეტითა. ვით იადონი არ მოჰკვდე ბულბულოს თესლთა კვნეტითა.”

279. ყმამან უთხრა: “რას მენუკევ, არა ვიცი, გამიცხადე. კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავჰბადე! ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე”.

280. ქალმან კვლა ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა, იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა, ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ-სავნებლისა ვნებითა”.

281. მან უბრძანა: “თუ მაჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ, სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ, არას ვუზამ უგემურსა, არა ოდეს გავამწარებ; რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ”.

შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა

282. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად; “არ ეწყინაო”, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად, ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად; იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.

283. გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად, ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად, რომე მათ თანა ალვისა ხეცა ვარგ იყო ხედ არად, ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვა მე და რად!

284. მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოებით არ დაჰრიდეს, ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან, კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს, ყელი ყელსა გადააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს, ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს.

285. მობრუნდეს. ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა, ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა. ასმათი სულსა უღებდა, სიტყვითა საკვირველითა: “თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა”.

286. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ-დაზრული; ყმასა უთხრა: “მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული, ვინ ხარ, ანუ სით მოსრულ ხარ, სადაური, სით მოსრული? მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა განწირული”.

287. ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია: “ლომო და გმირო ტარიელ, ვის ტანი გინაზებია, მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია, მიჯნურობითა დამწვარ ვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.

288. “მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია; თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია. თუცა არ მიცნობ, გინახავ, თუ ვითა გიაზრებია, გახსოვსა, ოდეს დაჰხოცე მონები არ-საპყრებია?

289. “შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით, პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით, გიხმეთ, არ მოხვე, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით, შენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა კი დენით.

290. “ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ. მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ, ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ, ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.

291. “ჭმუნვა შეექმნა; თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია. მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია, ვერ ნახეს შენი ნახული ვერცა ყმა, ვერცა ბერია; აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.