ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

233. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა, ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა, ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა, ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.

234. ეტყოდა: “სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი, უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი, მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი? სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი”.

235. ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა: “თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა! აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა; ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბისა ცნობასა!”

236. კვლა ეტყვის: “ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკევ მე რასა? მაგა საქმესა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა. შენ ერთხელ იტყვი, “მითხარო”, მე ასჯერ გითხრობ “ვერასა”; ვითა სიცილი ტირილსა, მიჯობს ვაგლახი მღერასა”.

237. “ქალო, არ იცი, სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან, ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან; შენ მიპოვნიხარ, სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან, ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!”.

238. ქალმან უთხრა: “რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო? მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო! გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო: ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!”

239. კვლაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა, მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა. პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა, ადგა, თმათა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.

240. ეგრე უთხრა: “მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო? რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო? გიჯობს, მითხრა, ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო, თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!”

241. ქალმან უთხრა: “ეგე ღონე მოიგონე მატად ავი: თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკვდავი. რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი? კვლა თუ მომკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი”.

242. კვლა ეტყვის: “ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო? ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო! მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო, ვითა უსტარი ბედითი, ადვილად დაგახევინო.

243. “ჩემი სიკვდილი შენ ჩემად, პატიჟად ნურად გგონია, მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია; ჩალად მიჩნს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია. ვერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?”

244. ყმამან თქვა თუ: “არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა, სხვასა რასმე მოგონება, სჯობს საქმისა გამორჩევა”. გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაიწყო ცრემლთა ფრქვევა, ქალსა უთხრა: “გაგარისხე, აწ ესე თქვი,ვით დავრჩე, ვა!”

245. ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია, ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია; ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია. კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია.

246. ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა, მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა; ყმამან ცნა, თუ: “გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა”. ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.

247. უთხრა: “ვიცი, აღარ ვარგ ხარ, შენ აწ ჩემად დასადობლად, გაგარისხე, დარჩომილ ვარ ღარიბად და ამად ობლად; აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად, ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.

248. “თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე, მიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე; სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე; სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!”

249. რა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება, გულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას - კეცთა ცრემლთა დინება, კვლა გაამრავლა ზახილით ტირილი, არ - გაცინება. ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.

250. იტყვის თუ: “ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების, ვისთვისმე ხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების”. კვლა უთხრა: “დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების; ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.

251. “ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუძლებლად სულთა დგმისად; ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებნელად იმა ყმისად; ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი-, სად! გული თქვენი მიპოვნია, მისი შენად, შენი მისად.

252. “მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე, მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე. ორისაგან ერთი მიყავ: ტყვედ მქმენ, ანუ მააზატე, ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე”.