ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

292. “მიბრძანა: “მიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა, მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა”. სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა. არ გიკვირს, გავძელ ვერ-ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?!

293. “აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა; თურქნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა; მათრახითა ჩამოგეგდო, ერთი მკვდართა დაგესახა; მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე, გლახ, ა”.

294. ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი, იტყვის: “მახსოვს იგეი საქმე, თუცა არის ადრინდელი; ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი; მით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.

295. “რას მაქნევდით, რად გინდოდი, ერთმანერთსა რათა ვჰგვანდით? თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვჰბანდით. რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით, აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.”

296. “მოვიხედენ, მომეწია, რა პატრონი შენი, ვნახე, ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე, თვალთა წინა გამოგექეც, მეტი არა შევუზრახე. ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს და სხვასამცა რას ვასახე!

297. “კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება, მას გავექცევი, ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება; მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება, ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.

298. “აწ ვაშად მოხვე, მეამა ნახვა შენისა პირისა! ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა, მაგრა გარჯილ ხარ, არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა: ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა”!

299. ავთანდილ უთხრა: “ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა? მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა! სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა, რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.

300. “ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა; დამიგდია სამსახური მისი, იქმნას, რაცა გინდა; იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა, შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!”

301. ტარიელ უთხრა: “მე შენი გული აწ მემხურვალების; მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების! მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების, შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რათ გენაცვალების!

302. “წამოსრულ ხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად; ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილ ხარ მამაცურად. მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილ ვარ ასრე თუ რად! მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქმს ალად, მურად”.

303. ასმათ უთხრა: “ლომო ცრემლით მაგა ცეცხლთა რა ერგების! მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების! ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების, ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას რა, ღონეა ეგების.

304. “მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა; ნუ უყოს ღმერთმან, გაძლება მემცა ვით მივეც ენასა! თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა. არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა”.

305. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაავლებული; ასმათს უბრძანა: “მას აქათ შენ ხარ ჩემ თანა ხლებული; რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული! კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.

306. ,,კაცმან ვით პოვოს, ღმრთისაგან რაცა არ - დანაბადია! მით გული ჩემი სევდამან აწ ასრე დანაბა დია, კვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია; აწ ხელთა, ნაცვლად ლინისა, ჩალა მაქვს და ნაბადია.

307. „მაგრამ ღმერთმან მოწყალემან, მით ცნობითა ერთით მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა: პირველ, შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა, კვლა, ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა.’’

308. ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამსო, მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს: ღმერთმან ერთი რათ აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს! შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცღა გინდა წამეკიდოს”.

309. ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მოიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე; მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე, მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე”.

310. ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა; ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა; ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა, მერმე სულთქვნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.

311. მოსთქვამს: “ჰაჲ, ჰაჲ, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო, იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო, ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო! ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!