ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

214. “ვითა მე მივჰხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა, აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!” უჩვენა მისი სადგომი: “მიდითო ნება-ნებასა, ჩრდილსა გარდასვით, მაშვრალი მიეცით მოსვენებასა”.

215. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა, ვითა გავაზი გაფრინდა, არ- გაშვებული ხეზითა, ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა; დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.

216. მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს: საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

217. “რათგან ისი არის რადმე უცნობოდ და ისრე რეტად, რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად, მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად, ანუ მოვჰკლავ, ანუ მომკლავს,” დაიმალვის მეტის-მეტად.’’

218. ავთანდილ იტყვის: “ ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი? რაცაღა არის, არა არის, თუ - მცა არ ედგნეს ბუდენი; სადაცა მივა, მივიდეს, რამცა მოვლიდეს ზღუდენი, მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არ-დასამრუდენი”.

219. წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი, დღისით და ღამით მაშვრალნი, არ საჭამადთა მჭამენი, არსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი. მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.

220. დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი, წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი, ხე დიდრონი, თვალ-უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

221. მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი და კლდენია; ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია, მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია, მუნით უჭვრეტდა. იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.

222. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა, ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა, ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

223. ყმამან უთხრა: “დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს; ვეღარ მივხვდით ჟამიერად ჩვენ ვისნიცა ცეცხლნი გვწვიდეს”; ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსწვივდეს, ქალი შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს.

224. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა, ერთმანერთსა ეხვეოდეს: ყმა ქალსა და ქალი ყმასა; იზახდიან, მოსთქმიდიან, ხმას სცემდიან კლდენი ხმასა. ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.

225. სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა, ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა, მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა; შინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.

226. ავთანდილს უკვირს: “ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!” გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა, შავსა აუდვა ლაგამი, სწმედდა რიდისა წვერითა, შეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

227. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას ეჯდა. ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა; ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა; ასმათ, ისრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა.

228. ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა, ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, “ნუთუ მზეაო”, თქვა, “ცისა?” ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა; ასრე უჩს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.

229. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა, შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა; ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა, თქვა თუ: “ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.

230. “აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვაჯობინო? ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო, ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო, მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავასობინო”.

ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბს შიგან

231. ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა შემობმული, ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დაჰხვდა კარ-განხმული. მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული, ეგონა, თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.

232. ვერ იცნა, — სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა, — ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა; ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა; ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.